უნივერსიტეტების რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

უნივერსიტეტების რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სხვა ქართული უნივერსიტეტის რექტორებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყოველი დღე უნდა იყოს ხსოვნის დღე და ყოველი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დეოკუპაციისკენ. „აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში. დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს, ვინც თავი შესწირა დამოუკიდებლობას; მათი გმირობის გარეშე საქართველო ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის დღეს. ის რაც მოხდა, არ უნდა განმეორდეს და ამ გმირების სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული მეხსიერება არსებობს და ასევე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ - მადლიერების გამოხატვა,“ -განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ სტუდენტის ლუკა თაბაგარის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები ტრაგიკულია ყველა ქართველისთვის. „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მათი სახელი ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში,“- აღნიშნა თსუ ტუდენტმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობამ  2 232 შეადგინა. საცხოვრებელი დაკარგა არაერთმა ადამიანმა. რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.