წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრება თავისი დინებით მიედინებოდა და რაიმე დასამახსოვრებელი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ხვალ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ევროთასების მომავალი ასპარეზობის წილისყრა ჩატარდება და ჩვენი გუნდების მეტოქეებს შევიტყობთ. მოწინააღდეგეები კი გვეცოდინება მაგრამ საკითხავია ქართული კლუბები წარმატებით თუ იასპარეზებენ.
ქუთაისის „ტორპედო“ მკვეთრად გაახალგაზრდავდა, ამჟამად მოსამზადებლად ავსტრიაში იმყოფება და ერთ-ერთ ადგილობრივ ქვედა დივიზიონის გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრა. იმერეთის დედაქალაქის გუნდი 1:5 დამარცხდა. მეეჭვება „ტორპედოს“ ახალმა ესპანელმა მწვრთნელმა რამდენიმე დღეში გუნდის თამაში დაალაგოს. იმედს გამოვთქვამ რომ კენჭისყრა ქუთაისელებს მეტოქედ სუსტ გუნდს მიუჩენს და ერთი ეტაპის გავლას მაინც მოახერხებენ.
გავრცელდა ცნობა, რომ საჩხერის „ჩიხურას“ უფროსობამ კლუბიდან გამოცდილი ფეხბურთლები გაუშვა და კურსი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აიღო. ბიძინა ივანიშვილის სამშობლოს წარმომადგენელსაც ევროპულ თასზე გამოსვლა ძალიან გაუჭირდება.
შედარებითი გაურკვევლობაა გორის „დილაში“. გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება კი დაიწყო, მაგრამ შემადგენლობა ბოლომდე დაკომპლექტებული არ ჰყავს.
ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრების მთავარი იმედი თბილისის „დინამოსთანაა“ დაკავშირებული. იმედი მაქვს რომ წლეულს „დინამო“ კარგად იასპარეზებს და ევროსარბიელზე ქვეყანას ღირსეულად წარადგენს.
წინა კვირას თბილისური გუნდი ამხანაგურად სომხეთის „შირაქს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნებზე ორივე გუნდის თაყვანისმცემლებმა ერთმანეთისაკენ გაიწიეს და ორი ქვეყნის მას-მედიას რამდენიმე დღის სალაპარაკო მისცეს.
სომხები ირწმუნებიან რომ მშობლიურ გუნდს შეძახილი „ტა-სი-ბოვ“-ით ამხნევებდნენ, ქართული მხარის მტკიცებით სტუმარი ფანები „რო-სი-ას“ სკანდირებდნენ და საპასუხოდ „ა-ზერ-ბაი-ჯან“-ის ძახილი დაიწყეს. მონასტერი ამის შემდეგ აირია. საინტერესოა რომ იმ თამაშს მხოლოდ 1000-1500 გულშემატკივარი ესწრებოდა. საბედნიეროდ ქართველმა წესრიგის დამცველებმა იმარჯვეს და მეტოქე მხარეები ერთმანეთს დროულად დააცილეს.
იმ ინციდენტში ერთი ნიუანსი მენიშნა. თვითმხილველების მტკიცებით სტადიონზე რამდენიმე ათეული თბილისელი სომეხიც მივიდა, რომლებიც მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ სომხეთიდან ჩამოსულ თანამემამულეებს გვერდში აქტიურად დაუდგნენ. ეს ფაქტი არ მესიამოვნა. ჩემი აზრით თბილისელ სომხებს დაპირისპირებული მხარეების დასაშოშმინებლად აქტიური ღონე უნდა ეხმარათ და „დინამოს“ ფანებისთვის ისტორიული სამშობლოდან ჩამოსულ ხალხთან ერთად არ შეეტიათ. საბედნიეროდ ყველაფერი ტრაგედიით არ დასრულდა, ადგილობრივი სომხების საქციელი კი გაკიცხვას ნამდვილად იმსახურებს.
არეულობაა შორეულ ბრაზილიაშიც. მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასების მომატებამ და სხვადასხვა სოციალური პროექტების შეჩერებამ პელეს თანამემამულეები ქუჩებში მასობრივად გამოიყვანა. ბრაზილიის მოქალაქეები მთავრობისაგან მომავალ მსოფლიო პირველობაზე უარის თქმას ითხოვენ. ამ მოვლენებმა თბილისელები და ქალაქის მერი გიგი უგულავა გამახსენდა. აღმოჩნდა რომ ბრაზილიელები სოციალურად ქართველებზე უფრო აქტიურები არიან. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და სამარშრუტო ტაქსებზე ფასების მომატებამ თბილისელები კი გააღიზიანა, მაგრამ ჩვენი თანაქალაქელების პროტესტი ქუჩის მანიფესტაციებში არ გადაზრდილა. არადა გიგია მერი ამას ნამდვილად იმსახურებდა.
საქართველოს მომავალი საფეხბურთო პირველობა მალე დაიწყება. ყველას აინტერესებს მასში „ზესტაფონი“ იასპარეზებს თუ არა. ამ გუნდს მძიმე დროება უდგას, მისი ანგარიშები დაყადაღებულია და ახალი სეზონისათვის მზადება ჯერ არ დაუწყია. საწყენი იქნება თუ საქართველოს საფეხბურთო რუქიდან კიდევ ერთი თვითმყოფადი და ძლიერი გუნდი გაუჩინარდება.
წერილის მეორე ნახევარში, ტრადიციულად რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო ინფორმაციას მოგაწვდით.
თავდაპირველად ფეხბურთის მეფეს - პელეს შევეხოთ. ამ ადამიანის სახელი ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციის თასმა გამახსენა. მისი სახელი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ალბათ ვერავინ გიპასუხებთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელმა ლინგვისტმა ჟოელ რუფინომ სპეციალური გამოკვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ აფრიკული ტომ იორუბის ენაზე პელე სწრაფს ნიშნავს. ამ ტომის წარმომადგენლები მე-17 საუკუნეში მასობრივად ჩამოიყვანეს ბრაზილიაში. ისინი ყავის პლანტაციებში მუშაობდნენ.
ბრაზილიიდან სამშობლოში დავბრუნდეთ და გიორგი ქინქლაძე გავიხსენოთ. წინა საუკუნის 90-იან წლებში „ქინქი“ ყველაზე ნიჭიერ ქართველ მოთამაშედ ითვლებოდა. სამწუხაროდ ფეხბურთში თავისი თავი ბოლომდე ვერ გამოხატა, არადა უფრო მეტის მიღწევა შეეძლო.
მაშინდელ ქართულ ფეხბურთში უცხოეთში მიმავალი გზა თბილისის „დინამოზე” გადიოდა. ქინქლაძეს „მრეტებში” დიდხანს არავინ გააჩერებდა. მით უმეტეს ფეხბურთში ისეთი გაქნილი ხალხი, როგორებიც მერაბ ჟორდანია და რომიკო შოთაძე იყვნენ. გიომ 18 წლისამ შეაღო დიღმის ბაზის კარი და ხუთი წელი გაატარა ქვეყნის უპირველეს გუნდში. 65 თამაშში 41 გოლი. ასეთი იყო ცაცია გამთამაშებლის მონაგარი.
ქინქლაძის ნიჭის გაფურჩქვნას თბილისის სამოქალაქო ომმა მოუსწრო. მერე იყო თბილისის ძმობილი ზაარბრიუკენი და მადრიდის „ატლეტიკო", ეგ კი არა შორეული „ბოკა ხუნიორსიც" იყო. მერე ისევ თბილისი და წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტული. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი სტადიონები ნიჭიერებს ვერ იტევდა.
მერე იყო გაზეთ „სარბიელის” საპირველგვერდო სურათი და ქვეშ მინაწერი 3, 200,000 აშშ დოლარი. წარმოუდგენელი თანხა მაშინდელი თბილისისთვის. ალბათ ქალაქის ნახევარი ბიუჯეტი, თუ მეტი არა. მერაბ ჟორდანიასა და ფრენსის ლის შორის ხელმოწერილი გარიგება და „ქინქის” ვარსკვლავი ალბიონის ნისლში გამოკრთა. იტალიელებმა მას შავი ზღვის ჯანი რივერა უწოდეს. ნაკრებში პირველი გოლი უელსთან გამოაცხო. ალბიონელთა 5-0 განადგურება. გაოცებული უელსელები და ნევილ საუთჰოლის ნათქვამი - „ქინქლაძე მოედანზე ყველაზე გამორჩეული იყოო“.
დღევანდელი წერილის ბოლოს კი ლანჩხუთის „გურიაზე“ მსურს გესაუბროთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ გურულებმა საქართველოს საფეხბურთო პირველობის უმაღლეს დონეზე თამაშის უფლება კვლავ მოიპოვეს. ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას 1990 წელს გაუდგა და იმ პერიოდში ლანჩხუთის“ გურიას“ მოთამაშე-მწვრთნელებმა გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგეს.
1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ თავყრილობაზე, ისტორიული სიტყვა ლანჩხუთის „გურიის" ფეხბურთელებმა თქვეს: სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში აღზევებული „სოფლის გუნდის" წამყვანმა მოთამაშეებმა უარი თქვეს საბჭოთა პირველობაში მონაწილეობაზე და ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების დაუკითხავად მხარი დაუჭირეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას.
მაშინ „გურიის" მოთამაშეები გმირებად შერაცხეს. იმ დროს, როდესაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი „დინამო" ყოყმანობდა, „გურიის" გადაწყვეტილება გმირობის ტოლფასი გახლდათ. ლანჩხუთური კლუბი ყველაზე დაზარალებული გამოდიოდა - პატარა საქმე ხომ არ იყო, მთელი წინა სეზონის მანძილზე გადაჭედილი სტადიონი, საბჭოთა ბატალიებისთვის დიდი მზადება, დახარჯული მილიონები... გურულთა ისტორიული სიტყვის შემდეგ უკვე არავის დარჩა წინააღმდეგობის გაწევის მორალური უფლება...
იმ დღეებში „გურია" გაგრაში იყო, სასტუმრო „გრებეშოკში" ცხოვრობდნენ. უმაღლესი ლიგისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ, მართლაც კარგი გუნდი ჰყავდათ გურულებს. თუმცა, ეროვნული მოძრაობა უკვე ზენიტში იყო და რა თქმა უნდა, ბიჭებიც ფიქრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო, ეროვნულ პირველობაზე ეთამაშათ.
წინა დღეებში ისინი სასტუმროს ეზოში შეიკრიბნენ, კრების მსგავსი თათბირი ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას.
- თუ „გურია" ეროვნულ ჩემპიონატში არ მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ უარს ვამბობთ კლუბში დარჩენაზე, - ყველას პოზიციას ოთარ კორღალიძე ახმოვანებს. ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, მას ხელი „გურიას" ყველა მოთამაშემ მოაწერა. მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფომენკოსგან რაიმე პროტესტი არ ყოფილა. მწვრთნელი ხვდებოდა, რომ აქ საუბარი პატრიოტიზმზე იყო და სპორტი უკანა პლანზე გადადიოდა. უკრაინელი გულის სიღრმეში ქართველებს ყოველთვის თანაუგრძნობდა.
ჭადრაკის სასახლეში 7 ფეხბურთელი მიავლინეს: თემურ კაბისაშვილი, ლევან ბარათაშვილი, ბესიკ ფრიდონაშვილი, მერაბ კაციტაძე, დავით უგრელიძე, ოთარ კორღალიძე და დავით ცომაია. მათ მხარი ეროვნული პირველობის გამართვასა და მასში „გურიას“ მონაწილეობას დაუჭირეს.