უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რატომ გაუუქმეს დიპლომატიური პასპორტები უკრაინის რადას დეპუტატებს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს, ალექსეი გონჩარენკოს და სხვა დეპუტატებს.
როგორც უწყებაში გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს, მათ გააუქმეს 225 დიპლომატიური პასპორტი, ვინაიდან დეპუტატებმა ისინი დროულად არ დააბრუნეს.
„ბოლო თვეებში არაერთხელ მივმართეთ დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების თხოვნით, გვქონდა საუბარი უკრაინის რადასთანაც. ბოლოს ასეთი თხოვნით ივლისის ბოლოს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, დიპლომატიური პასპორტი დეპუტატს გაეცემა მხოლოდ ოფიციალური მივლინების დროს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, დეპუტატმა პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დააბრუნოს. გარდა ამისა, დაუშვებელია დიპლომატიური პასპორტის გამოყენება პირადი მიზნით მგზავრობისთვის.
რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა.