შემთხვევა მოსკოვში

შემთხვევა მოსკოვში

ცნობილი ქართველი კინორეჟსორი ნიკოლოზ სანიშვილი ერთ შემთხვევას ხშირად იხსენებდა:

„მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო ჭიჭინაძე ეტარებინა მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა.

ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა, მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო?! თურმე, მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან.

„მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, - ყვებოდა მიშა, - ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილი? არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი. „გათხოვილია?” – ჩამეძია ოფიცერი. არა-მეთქი. მე გახლავართ აშშ-ის სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდი ამერიკაში”.

დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც „დავით გურამიშვილის” გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა.”