დღეს დილით გამოცემამ „Tuttomercatoweb” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი დავიდ ვილია კარიერის გაგრძელებას იტალიურ „ფიორენტინაში“ აპირებს.
ბოლო სეზონის განმავლობაში ფეხბურთელი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა. მომავალი მსოფლიო პირველობის წინ ვილიას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ამ მიზნით ახალი კლუბის მოძიება აქტიურად დაიწყო.
ცნობილი გახდა რომ ფლორენციულმა გუნდმა კატალონიელების კიდევ ერთი მოთამაშე მოისურვა. საუბარია ჯონათან დოს სანტოსზე. იტალიელებმა „ბარსას“ ზემოთ დასახელებულ ორ ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო შესთავაზეს.
კულუარული ცნობით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა დოს სანტოსსა და ვილიას იოლად შეელევა. ეს ტრანსფერი სავარაუდოდ კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ განხორციელდება. საინტერესოა რომ ვილიას შეძენა „არსენალს“, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემსაც“ სურთ.