ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება მათი გადაწყვეტილებაა - ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება მათი გადაწყვეტილებაა - ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ შექმნილ მოძრაობაზე დასმული კითხვის პასუხად, აცხადებს, რომ დეპუტატებმა მოძრაობის შექმნა თავად გადაწყვიტეს და მოვლენების განვითარება აჩვენებს, ფორმირდება თუ არა ეს ჯგუფი პარტიად.

„საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება მათი გადაწყვეტილებაა. თავის დროზე, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით, შეფასება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ჩვენს პოზიციებს შორის ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების წინაშე მეტი დოზით უნდა ითქვას გარკვეული სიმართლე. ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება, იმ სტატუსიდან გამომდინარე გვაქვს, რომელიც ჩვენ გვაკისრია. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები, დავაკვირდეთ მათ განვითარებას. რაც შეეხება პარტიას - როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიასთან დაკავშირებით. არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, ტუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ განცხადება 2 აგვისტოს გაავრცელეს.