შალვა პაპუაშვილი: არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“

შალვა პაპუაშვილი: არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“

არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ავტომატურად გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ კარგად იმუშავა და მიიღო კანდიდატის სტატუსი. მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება სამი ოპოზიციური პარტია, რაც მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი.

„ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ხელისუფლებას და მათ შორის „ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიებს, რომლებიც ამის მონაწილე არიან, ექნებათ უპირატესი მდგომარეობა. ამიტომ, ვხედავთ, მიდის დისკრედიტირების პროცესი, რომ რამენაირად, რომ სწორედ ის საკითხი, რომელიც ეხება ამ საკითხების ინკლუზიურად განხილვას, ამ ინკლუზიურობას შეუტიონ, რათა არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი, „ნაციონალურმა მოძრაობა“, „ლელომ“, და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მათი განაყოფი. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ კიდევ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ.

ამიტომ, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება ეს სამი პარტია, ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი. აანონსებენ აქციებს სექტემბრიდან, არ ერთვებიან პარლამენტის მუშაობაში, რა კონსტრუქციულობაზე და რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, ღიად ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.