პაატა  მანჯგალაძე:  „ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი „კვარტეტის“ მოძრაობის მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“ და ხელმოცარული „ალტ- ინფოს“  ჩანაცვლება - ანტიდასავლურ ფრონტს „ქართული ოცნება“ ცოცხალი ძალით აძლიერებს

პაატა  მანჯგალაძე: „ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი „კვარტეტის“ მოძრაობის მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“ და ხელმოცარული „ალტ- ინფოს“  ჩანაცვლება - ანტიდასავლურ ფრონტს „ქართული ოცნება“ ცოცხალი ძალით აძლიერებს

„ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი „კვარტეტის“ დაფუძნებული მოძრაობის მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“, ხელმოცარული „ალტ- ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ჩანაცვლება - ანტიდასავლურ ფრონტს „ქართული ოცნება“ ცოცხალი ძალით აძლიერებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, „ქართული ოცნების“ ეს კამპანია ამ რიცხვის შემცირებას და რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურება.

„ქართული ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილმა „კვარტეტმა“ (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი) განაცხადა, რომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინონ საფრთხეებზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თავად ეს ადამიანები წარმოადგენენ საფრთხეს. განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ ამერიკის ელჩთან დაკავშირებით და მთლიანად მათი ანტიდასავლური რიტორიკა, ემსახურება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების დათესვას. რატომ უსვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩს, როცა შეუძლიათ იგივე კითხვებით ივანიშვილს მიმართონ?! ამ მოძრაობას აქვს მარტივი მიზანი - მათი მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“, ხელმოცარული „ალტ- ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ჩანაცვლება. ანტიდასავლურ ფრონტს „ქართული ოცნება“ ცოცხალი ძალით აძლიერებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა -„ხალხის ძალა“ დააფუძნეს. ლიდერები არ გამორიცხავენ, მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.