გუშინ საღამოს ესპანურმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კლუბი „მალაგას“ 21 წლის ნახევარმცველმა ისკომ მადრიდის „რეალთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
რამდენიმე დღის წინ ევროპის ახალგაზრდული პირველობა დასრულდა და ამ შეჯიბრში ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი ისრაელში გაიმართა, მასში მონაწილეობა ისკომაც მიიღო და ასპარეზობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ცოტა ხნის წინ „მალაგას“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ბრიტანულ „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდა. ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით ისკო კარიერას „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში გააგრძელებდა.
სენიორ მანუელმა საყვარელ მოთამაშეს რამდენჯერმე დაურეკა და ქალაქ მანჩესტერში გადასვლა შესთავაზა. ჩილელი ფეხბურთის სპეციალისტის სამწუხაროდ ისკომ ისტორიულ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.
ცნობილი გახდა რომ ახალი სეზონიდან ანდალუსიური გუნდის წამყვანი მოთამაშე „სამეფო კლუბის“ ღირსებას დაიცავს. „რეალს“ ისკოს შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდა.