შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდნენ, შეფასდა როგორც ნამდვილი გარღვევა ლიტერატურათმცოდნეობის მსოფლიო კონგრესის მრავალწლიან ისტორიაში. თბილისის კონგრესში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ლიტერატურათმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, კულტუროლოგებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა, მწერლებმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

პირველად თბილისის კონგრესზე იმუშავა ნაციონალური ასოციაციების პრეზიდენტების სესიამ, ახალგაზრდა მეცნიერთა სესიამ და ინტერდისციპლინურმა სპეციალურმა სესიებმა. სამივე ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. კონგრესზე ტრადიციისამებრ, ხუთი დღის განმავლობაში პლენარული მომხსენებები წარადგინეს მეცნიერებმა მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული ცენტრებიდან, მათ შორის, პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას უნივერსიტეტებიდან.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მსოფლიო კონგრესის მუშაობა შეაჯამა და ორგანიზებულობასა და მონაწილეთა სრულ ჩართულობაზე ისაუბრა: „არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული ღონისძიება. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა სესიებზე. ვფიქრობ, კონგრესის მონაწილეების სახით საქართველოს ბევრი მეგობარი გაუჩნდა, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ჩვენი ლიტერატურისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ და  ქართული ლიტერატურათმცოდნეობის ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის,   მსოფლიო კონგრესის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი.

„შეიძლება ითქვას, რომ  შედარებითი ლიტერატურის  კონგრესმა დიდი წარმატებით ჩაიარა.  მასში მონაწილება მიიღო 1300-ზე მეტმა სტუმარმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ძალიან მაღალი შეფასება მიეცა თბილისში ჩატარებულ კონგრესს და ითქვა ისიც, რომ თბილისში ჩატარებულმა კონგრესმა ახალი სტანდარტები დააწესა ამ ორგანიზაციისთვის. ვულოცავ, ჩვენს საორგანიზაციო გუნდს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოვახსენებ მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაში,“-აღნიშნა ირმა რატიანმა, რომელიც კონგრესზე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს.

თბილისში ჩატარებულ კონგრესზე შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის ახალი პრეზიდენტად  ლუჩია ბოლდრინი აირჩიეს.  „შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია მიიჩნევს, რომ

კონგრესი, რომელიც საქართველოში გაიმართა, მართლაც შესანიშნავი იყო. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ საქართველოს მსგავს ქვეყანაში. აქამდე კონგრესი ტარდებოდა პარიზში, ვენაში, ჰონკონგში და სხვა დიდი ქალაქებში, რომლებიც გლობალური ქსელების  ცენტრებია და გვავიწყდებოდა საქართველოს მსგავსი ადგილების სიმდიდრე, რომლებიც ერთი შეხედვით ამ გლობალური ცენტრების პერიფერიად ჩანან. კონგრესმა დაამტკიცა, რომ სწორედ ცენტრალური და არა

პერიფერული მნიშვნელობა აქვს საქართველოს. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ

აქ ყოფნისას და მივიღეთ გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და რომელიც განსაზღვრავს ICLA-ს შემდგომი წლების

საქმიანობას,“ – ასე შეაფასა კონგრესის მუშაობა და შედეგები  შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ლუჩია ბოლდრინიმ.

კონგრესის დასასრულს გაიმართა გრიგოლ კიკნაძის სახელობის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემია დაარსდა 2012 წელს, ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაციის მიერ და გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო ლიტერატურათმცოდნეობითი მონოგრაფიის, სტატიისა  და სამეცნიერო თარგმანის ნომინაციებში;   ასევე, - ლიტერატურათმცოდნეობით  მეცნიერებაში შეტანილი   განსაკუთრებული წვლილისთვის.           თბილისის კონგრესზე  გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გრიგოლ კიკნაძის სახელობის  პრემიები გადაეცათ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს ნუგეშა გაგნიძეს  მონოგრაფიისათვის „ ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქიძე“; ილიას უნივერსიტეტის პროფესორებს ბელა წიფურიასა და ათინათ მამაცაშვილს საუკეთესო სამეცნიერო სტატიისათვის; თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებული ამჯერად არ გამოვლენილა.  ქართული ლიტერატურათმცოდნეობის  განვითარებისათვის გაწეული  ღვაწლისთვის, კერძოდ, პაოლო იაშვილისა და ცისფერყანწელების შესახებ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომებისათვის, პრემია გადაეცა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელს, ლალი ავალიანს.

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, იმართება სამ წელიწადში ერთხელ, როგორც წესი - ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა პირველად,  ბოლო კონგრესს კი მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა. თბილისში ჩატარებული კონგრესის თემა იყო "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". თემა კარგად მოერგო არა მარტო ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემებს, არამედ - საერთაშორისო სტანდარტსაც.