ადამიანური ეთიკისგან დაცლილი „ეთიკოსები“

ადამიანური ეთიკისგან დაცლილი „ეთიკოსები“

სამეგრელოში, დიდი ალბათობით, ნაცმოძრაობის სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა შს სამინისტრომ ჯერ დიპლომატიურ კორპუსს, შემდეგ კი ქართული საზოგადოების, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. დიპლომატები დუმილს ირჩევენ, ცნობილია აშშ-ს საელჩოს პოზიცია, რომ საქმე გვაქვს ადამიანიის უფლებების დარღვევასთან, გამოძიება უნდა ჩატარდეს, დამნაშავეები გამოვლინდნენ და დაისაჯონ. შეიძლება ითქვას, კადრების ჩვენებას საპირისპირო რეაქცია მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში, აშკარად შეიმჩნევა ძირითადი პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთოდ დატოვა შეხვედრა, ჟურნალისტთა ნაწილი კი ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობდა - საკამათო გახდა შესაძლებელი იყო თუ არა ვიდეოფირზე აღბეჭდილი პერსონაჟების იდენტიფიცირება და ამით დაირღვა თუ არა მათი უფლებები.

ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დაფარული კადრების ხილვის მიუხედავად, რატომღაც მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა ვიდეოფირზე ასახულ მსხვერპლთა უფლებები. ვიდეომასალის ჩვენება გააპროტესტა ჟურნალისტთა ქარტიამ, რომელიც, ადამიანის უფლებების მოდარაჯედ უნდა გვევლინებოდეს. თუმცა, ქარტიის გარდა ზოგიერთი უფლებადამცველიც თვლის, რომ შსს-მ არა თუ ადამიანის უფლებები, არამედ კანონიც დაარღვია.

„ამ კადრების ჩვენება უკანონოდ მოხდა. ასეთი შეფასებისთვის უკვე საკმარისია შეხვედრის მონაწილეების ნათქვამი, რომ კადრები იდენტფიცირებადი იყო. როგორც ჩანს, ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს გამოცდილება არ აქვთ, როგორ დაფარონ კადრები ისე, რომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს. ამ მასალას ოთხ ადამიანს უჩვენებდნენ, თუ 4 მილიონს, მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკანონო გამჟღავნება იყო. გარდა ამისა, შეხვედრაზე მყოფები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, რომ ასეთი მასალა კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - განაცხადა უფლებადამველმა ლია მუხაშავრიამ.

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის თამარ გაბისონიას განცხადებით კი კადრებში ვინმეს იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან ხმა იყო გათიშული და სახეები დაშიფრული. მისივე შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე კადრები, თუმცა მასში ვინმეს იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

„ხმა იყო გათიშული, შესაბამისად, ხმით იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ასევე სახეები იყო დაშიფრული, როგორც მოძალადის, ასევე მსხვერპლის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დამსწრე ადამიანი ამბობდა, რომ ეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ქართველი ერი ამ უბედურებისგან უნდა დავიცვათ“, - განაცხადა გაბისონიამ. მისივე შეფასებით, შსს ახლა მძიმე ამოცანის წინაშე დგას, რომ დროული და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს.

რაც შეეხება აჟიოტაჟის მთავარ გმირებს, სახელისუფლებო ჟურნალისტებად ცნობილ „რუსთავი 2“-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვან სახეებს, რომელთა ხელითაც ყოფილი ხელისუფლება ქვეყნის შიგნითაც დემოკრატიის შუქურად ენთო, უმეტესობასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ მოერიდებოდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დავით პაიჭაძესთან დაკავშირება შევძელით, თუმცა ჩვენთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოახერხა, რადგან განუსაზღვრელი დროით საჭეს მართავდა და წესრიგს ვერ დაარღვევდა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მისი ერთ-ერთი მთავარი სახე, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი, დავით კიკალიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის იმიჯისათვის უარყოფითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა თვლის რომ იმის გამო, რაკი ასეთი დაძაბული ვითარებაა საზოგადოებაში და ბევრი პრობლემა წყდება, ფორმა უნდა ყოფილიყო შერჩეული ისეთი, რომ მხოლოდ მცირე, დაინტერესებულ ჯგუფებს ენახათ.

დავით კიკალიშვილი: „რამდენად საჭირო იყო, მედიას მიეღო მონაწილეობა, არ ვიცი, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვით არიან დაკავებული, იგივე დიპლომატიური კორპუსი, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მეც გაორებული ვარ, არ მგონია, კადრების ამ ფორმით გაშვებით ბევრი რამე დაშავდა. რასაკვირველია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა მის ქვეყანაში. სამწუხაროა ის, რომ გარკვეულწილად ჩემი პროფესიის ადამიანებმა დროულად ვერ შევძელით ამის გამომჟღავნება და აღკვეთა“.

კითხვაზე, სპეციალურად ატყდა თუ არა აჟიოტაჟი მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად, კიკალიშვილი თვლის, რომ ყურადღების გადატანა შეუძლებელი იქნება.

„არ მგონია ყურადღების გადატანა მოხდეს, აქ მთავარი პრობლემა იყო სხვა რამ. მეც მინდა კითხვა დავსვა და პასუხი მივიღო - ვინ იყო ბრძანების გამცემი, მაკონტროლებელი. ეს იყო სისტემა და პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანო ატარებდა წარსულში? ამ მთავარ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და იმედია, დღევანდელ პირობებში პროკურატურა და შემდეგ სასამართლო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, მგონია, საზოგადოებაც“, - იმედოვნებს კიკალიშვილი.

რაც შეეხება მთავარ აქტუალურ საკითხს, შესაძლებელი იყო თუ არა იდენტიფიცირება, კიკალიშვილი ჩვენებას არ დასწრებია, ამდენად, მისგან ამ პასუხის მიღება არც გვიცდია.

საზოგადოებისა და მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენებას ესწრებოდნენ, ცალსახად აცხადებენ, რომ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

როგორც ინტერნეტგამოცემა for.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი ამბობს, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ კადრების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ხოლო ვინც იტყვის, რომ შესაძლებელია, ცალსახად გამოავლენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატია.

გიორგი იაკობაშვილი: „ეს იყო ბოლო შტრიხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სისტემისა და თუ დააკვირდით ბოლო დღეებია, ვირთხებივით გასუსულები არიან. ეს ისინი ტეხენ აჟიოტაჟს, ვისაც ნაციონალები ინახავდნენ, ვისაც ნეიტრალურები, ზოგს სამოქალაქო საზოგადოება, ზოგს ექსპერტი ერქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდებოდნენ წლების განმავლობაში და ახლა პატრონებმა უთხრეს, დროა დაგვიცვათო. ეს იმ ფონზე, როდესაც ვერც ერთი დიპლომატი ვერაფერს ამბობს, არიან გაჩუმებულები, დაბნეულები, შეძრწუნებულები...

ამ შემთხვევაში, გამოიყენეს ცალკეული ადამიანები და ორგანიზაციებიც. პრინციპში, ჩემთვის არც არის გაუგებარი იგივე ჟურნალისტთა ქარტიის განცხადება, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ამ ტიპის განცხადების გაკეთება და დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტთა ქარტიას საერთო არაფერი აქვს არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ ეთიკასთან“.

„მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი აცხადებს, რომ ცალკეულ პირთა იდენტიფიკაცია ცალსახად შეუძლებელი იყო.

ლუბა ელიაშვილი: „ამ საკითხს ჩემში კითხვები არ გამოუწვევია, რადგან იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი, ვერ გეტყვით - თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც გაუჩნდა სურვილი, ვინც ამას სჩადიოდა, არ დასჯილიყო, პასუხი არ ეგო ვინც ამას მფარველობდა და ვინც ამას ახალისებდა, უცნობია... თუ ასეთი ადამიანები არსებობენ, არ ვიცი...

საზოგადოებას უნდა აჩვენონ, დაფარული კადრები, მაგრამ მაინც უნდა აჩვენონ, მსხვერპლისთვის ეს, ალბათ, მძიმე იქნება, მაგრამ თუ არ აჩვენებენ კადრებად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს რას სჩადიოდა ის ხელისუფლება. მე ჟურნალისტი ვარ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი მართლა ასე ხდებოდა“.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, ფიქრობს, რომ ჟურნალისთთა ნაწილი ამ შეხვედრაზე მისული იყო იმისათვის, რომ პროვოკაცია მოეწყო და ჩაეშალა ეს შეხვედრა.

ირმა ინაშვილი: „ამ ჟურნალისტთა ნაწილში ვგულისხმობ პაიჭაძესაც, კიდევ სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიურობდნენ და მათ შორის, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასაც, მაგალითად, - საიას, რომლის ხელმძღვანელმაც სრულიად უადგილო განცხადებები გააკეთა შეხვედრის დასაწყისში. წინასწარ ცნობილი იყო, შეხვედრაზე კადრების საჩვენებლად გვიწვევდნენ, შემდეგ დანარჩენ დეტალებზე უნდა გვემსჯელა. თუ ამ ადამიანებს ამ კადრების ნახვა არ უნდოდათ, არ სურდათ პროცესებში გარკვევა, ან არ სურდათ შს მინისტრისთვის მოესმინათ, მაშინ რატომ მოდიოდნენ, გაუგებარია. ან, რატომ არის გასარჩევი ასეთი ტიპის შეხვედრაზე, აძლევს თუ არა ღარიბაშვილი ინტერვიუს კვესიტაძეს?!

ვინც ამტკიცებს, რომ შეიძლებოდა ამა თუ იმ პირის ამოცნობა, მას აშკარად სხვა პრობლემა აქვს. ჩვენც ვიყავით დარბაზში, ვუყურეთ კადრებს და აბსოლუტურად შეუძლებელია გაარჩიო ესა თუ ის პირი, რადგან სახეები სათანადო ტექნიკური საშუალებებით იყო დაფარული“.

ხელის დაფარება ყოფილი ხელისუფლებისთვის თუ უბრალოდ პროვოკაცია პროვიკაციისთვის, ძნელი მისახვედრი არ არის, როგორც ჩანს, გარკვეულ ჯგუფს პატრონების დაცვის ვალდებულება ამოძრავებს, ან უბრალოდ, სისტემას იმაზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა, ვიდრე წარმოსადგენია.

ირმა ინაშვილი თვლის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულებაა დაგროვილი, ნივთმტკიცებების, მოწმეთა ჩვენების, იგივე ამ ვიდეოკადრებით, რომლებიც სისტემურ დანაშაულს ამხელს.

„ამ სიატემური დანაშაულის მაორგანიზებელი ძალა და მთავარი პერსონები იყვნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი და სხვები და შესაბამისად, პასუხისმგებლობისა და დასჯის საკითხი დადგება არა მარტო რიგითი მწამებლების, არამედ ამ წამების ორგანიზატორებისაც და, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების, რომლებიც 9 წლის მანძილზე რეჟიმს „აპრავებდნენ“ და ხელისუფლებას ეხმარებოდნენ და არ აწყობთ რომ ეს პირები გასამართლდნენ. ასეთ ჟურნალისტებს არ აქვთ მორალური უფლება, ჩვენს გვერდით ისხდნენ, იყურონ წამების კადრებს, რისი პირდაპირი და ირიბი მონაწილეები თვითონაც არიან და შემდეგ ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდეთ“,- აცხადებს ინაშვილი.

მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობის მიუხედავად საკითხი იმდენად მძიმე და შემზარავია, მის გვერდის ავლას ვერავინ მოახერხებს. ჟურნალისტები, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის დიპლომატები, ფიქრობენ, რომ დამნაშავეები, სისტემის ავტორები, აუცილებლად აგებენ პასუხს.

„ციხის კადრები, და კიდევ სხვა ვიდეომასალა არა თუ განადგურდება, არამედ როგორც შს მინისტრმა თქვა, შესაძლოა, ნივთმტკიცებად იქნეს გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი თავს მოიყრის ერთ ძალიან დიდ საქმეში, ეს იქნება საქმე, რომელიც ადამიანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხელს ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ახალაიებს და სხვებს, მოხდება ამ ადამიანების გასამართლება, ამას ველოდები და ეს აუცილებლად მოხდება“- აცხადებს ირმა ინაშვილი.

გიორგი იაკობაშვილი კი მიიჩნევს, რომ შედეგი უკვე მიღებულია, რადგან პროცესი დაიწყო.

„შედეგი უკვე მიღებულია, საქართველოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ბოლო შტრიხი იყო დიპლომატების რეაქცია, მათი დუმილი იყო განსაკუთრებით მეტყველი. ველოდები, რომ ვისაც არ უნახავს ეს კადრები, ვგულისხმობ დასავლეთის წარმომადგენლებს, მათაც მიაწვდიან ამ ინფორმაციას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ყველა გაიგებს, რომ დემოკრატიის შუქურა კი არა, საერთოდ არ იყო დემოკრატია და ქვეყანას მართავდა რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად სჩადიოდა დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.