„სალაყაიას კაციჭამია ქმარი ჰყავს, ამაზე იდარდოს და არა პოლიტიკურ დევნაზე“

„სალაყაიას კაციჭამია ქმარი ჰყავს, ამაზე იდარდოს და არა პოლიტიკურ დევნაზე“

მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დაკითხვისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ აქვს, მისგან რაიმე ინფორმაციის მიწოდებას, რადგან მასზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა და რაც არ უნდა თქვას, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. შესაბამისად, დაკითხვა დეტალებში არ შესულა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია როდის წაუყენებენ მერაბიშვილს ახალ ბარლდებას. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მეუღლე თაკო სალაყაია კი აცხადებს, რომ მისი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლისა და ანგარისწორების მსხვერპლია, რასაც ისინი ღირსეულად გაუძლებენ.

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. თაკო სალაყაია განმარტავს, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალადობრივი სისტემის შემქმნელებლად გამოგვაცხადონო...

ამ თემაზე for.ge-მ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

გოგა ხაინდრავა: ჩემი ღრმა რწმენით, თაკო სალაყაიას კაციჭამია ქმარი ჰყავს, ამაზე იდარდოს მან და არა პოლიტიკურ დევნაზე. ადამიანები, რომელთა ბრძანებით, მხარდაჭერითა და მფარველობით კაცებს აუპატირებდნენ, ცემაში კლავდნენ და აწამებდნენ, ეს პოლიტიკასთან არაფერ კავშირში არაა. ამის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ვანო მერაბიშვილი. ის, რაც მისმა ქმარმა ჩაიდინა, ეს მთელი საქართველოსი და მთელი კაცობრიობის პრობლემაა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ რეაქციაც სათანადო იქნება.

მე ვიცი, რომ სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლეს ოქროყანის სასაფალოზე, მათი გადაწყვეტილებით, მათი მხარდაჭერით და მათი დამალვით მოხდა ეს. მე ვიცი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, წაიკითხოს სალაყაიამ და ნახავს რა წერია იქ. მერაბიშვილის სამართალი და გამოძიება ერთ დღეში წყდებოდა.

დილას დაიჭერდნენ კაცს, მერე წაიყვანდნენ, გაუპატიურების მცდელობას განახორციელებდნენ, მიიღებდნენ აღიარებით ჩვენებას და შუადღეს წაიყვანდნენ სასამართლოში, მიუსჯიდნენ პატიმრობას და იმ ჯოჯოხეთში აგზავნიდნენ, რომელსაც გლდანის ციხე ერქვა. ამის შემქმნელი და ხერხემალი არის ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ თვითონ ლაპარაკობდნენ და ეამაყებოდათ ხერხემალი რომ იყვნენ. მთელი ამ სიბინძურის, სადიზმის და არაადამიანობის ხერხემალი იყო ვანო მერაბიშვილი და რა უკვირს თაკო სალაყაიას, ეს ჩემთვის გაუგებარია.

სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის უმძიმესი კადრები. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ გამოძიოს ის ფაქტები, რომლებიც სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებშია დაფიქსირებული...

- კონგრესმენებს გადაუგზავნონ ეს კადრები. რეზოლუციის პროექტებს რომ წერენ როგორ ჰყვაოდა დემოკრატია საქართველოში სააკაშვილისა და მერაბიშვილის დროს. იქნებ მერაბიშვილის მხარდამჭერ კონგრესმენებსაც აჩვენონ ეს კადრები, მათ აჩვენონ თავიანთ ოჯახის წევრებს და ჰკითხონ, ეს დემოკრატიაა?! ტერორისტული სისტემა იყო საქართველოში. უამრავი კადრები მაქვს სტუდიაში. ფილმს „დემოკრატიის შუქურას“ რომ ვაკეთებდი, უდიდესი კადრები შევაგროგროვე.

მაქვს კადრები, სადაც დათა ახალაია, გურამ დონაძე და მათნაირები ორთაჭალის ავტოსადგურთან სამი 19,20 და 21 წლის ბიჭების გვამთან დგანან, ეს ბიჭები დაცხრილეს და თავში ე.წ. კანტროლკაც ესროლეს. დათა ახალაია და გურამ დონაძე ერთამანეთში ხსნიან როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთვის კითხვები არ არსებობს და თაკო სალაყაიასთვის თუ არსებობს, ნახოს ეს კადრები და მერე კითხოს თავის ქმარს ღებულობდა თუ არა ამ ყველაფერში მონაწილეობას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია . უკანონო ჩანაწერებთან მისი სახელის დაკავშირების გამო უპასუხისმგებლო ადამიანებისა თუ გამომცემლობებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს...

- ახალაია ითხოვს ბოდიშის მოხდას?! წარმოგიდგენიათ რა ჭკუაზე არაინ ეს არაადამიანები?! ეს ყველაფერი მათი ორგანიზებული და გაკეთებულია, კიდევ ბედავენ და ბოდიშს ითხოვენ? ეს შიზოფრენიკი დარბის ახლა მთელს მსოფლიოში და დემოკრატიაზე ლაპარაკობს. ის არის ამ ყველაფრის კონსტრუქტორი, ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ეთერებს ვუთმობთ და ბავშვებს ვახვედრებთ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ბოკერიაც და მერაბიშვილიც იჯდა და უყურებდნენ ამ კადრებს. მათთვის იღებდნენ ამ კადრებს.

ყველამ ვიცოდით რისთვის იყენებდა ახლაიას საძმაკაცო ხელკეტებს, ყველა კარგად ვიცოდით ეს 3 და 5 წლის წინ. მე კინოსფეროს წარმომადგენელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი დღევანდელი ტექნიკის შესაძლებლობები, ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ეგზემპლიარით არსებობდა ეს არქივი? ეს არქივი გამრავლებულია. როგორ უნდა გავანადგუროთ, როცა ნაციონალებს ხელში აქვთ და იყენებენ ერთმანეთის დასაშანტაჟებლად. ჯგუფური დანაშაულზეა ლაპარაკი.

კატასტროფაა ის, რაც საქართველოში მოხდა, რა სისტემა შეიქმნა ამ ქვეყანაში, რა დავუშვით და ვინ მოვიყვანეთ ხელისუფლების სათავეში. აუცილებლად დაისჯება მერაბიშვილი და თუ დამნაშავეა - სალაყაიაც და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სალაყაიაც დამნაშავეა გირგვლიანის მკველობაში, პირდაპირ თუ არა ირიბად. ეს ხელისუფლება თუ არა გააკეთებს ამას, შემდეგი გააკეთებს. ეს პროცესი ასე მარტივად და სწრაფად არ დამთავრდება. ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ეს სხვა ქვეყნებმაც უნდა იცოდნენ, რომ რა შეიძლება მოიტანოს უკონტროლო ძალაუფლებამ და რეჟიმის ბრმა მხარდაჭერამ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კადრების არსებობს შესახებ ინფორმაცია შსს- ძებნაში მყოფმა კუდ- ის უფროსმა დათა ახალაიამ მიაწოდა...

- არაა გამორიცხული. რაღაცა ხომ მიაწოდა იმ ავადსახსენებელი პორტფელით. ამ მიმართულებით მუშაობა რომ მიდის დათა ახალაიასთან და სხვა გაქცეულებთანაც ეს აბსოლუტურად ნორმალურია. სპეციალური სამსახურებია ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. სად წავა დათა ახალაია, ფანტომასად ხომ არ გადაიქცევა.

როგორ ფიქრობთ, ეს შეუმსუბუქებს მას დანაშაულს?

- რა თქმა უნდა - არა. თანამშრომლობაა ის, რაც გააკეთა ლადო ბედუკაძემ. მრცხვენია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მაგივრად, ვინც ბედუკაძის დაპატიმრებას ითხოვს და გაკვირვებული არიან რატომ გაუშვეს ლადო ბედუკაძე.

მათ შორის არისრესპუბლიკური პარტიისლიდერი თინა ხიდაშელიც...

- ლადო ბედუკაძე რომ არ ყოფილიყო თინა ხიდაშელი ან იქნებოდა ხელისფლების სათავეში ან არა. ციხეში ერთხელ თუ ვინმე არის ნამყოფი და მითუმეტეს გლდანის ციხე იცის რა არის, მან კარგად იცის რა ემუქრებოდა ბედუკაძეს რომ გაეგოთ მას ეს კადრები გააქვს. სერგო თეთრაძის ფაქტი მინდა გავახსენო თინასაც და სხვასაც, ამ საშიშროების წინაშე იდგა ბედუკაძე. გასაგებია, რომ თანამონაწილე იყო, მაგრამ მე არცერთი პატიმარი არ შემხვედრია ჯერ, რომელიც მის დანაშაულზე ლაპარაკობს.

დათა ახალაიაც იგივე გზას ადგას, რა გზაც აირჩია ბედუკაძემ. ცდილობს სისტემურ დანაშაულში ამხილოს მერაბიშვილი, მაგრამ ეს ანთავისუფლებს მას სისხლის სამართლებლივი დანაშაულისგან?

- მთავარი რაც მე და მთელს საქართველოს უნდა არის ის, რომ გამოძიებული იქნას ბოლომდე ყველაფერი, საიდან მოდიოდა, ვისი ბრძანებით და როგორ. გამოძიებული უნდა იყოს ეს ფაქტი და მერე ქართველი ხალხი რა განაჩენს გამოუტანას დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს, ამას ვნახავთ. ეს არის დანაშაული, რომლის შესახებ ქართველი ხალხი გამოიტანს თავის აზრს და არა ცალკეული უწყება, ან ცალკეული პოლიტიკოსთა ჯგუფი.