ნებისმიერი კინოფესტივალი უპირველეს რიგში კინოს ზეიმი, ახალი ფილმების შეფასებისა და მრავალი კოლეგის თავშეყრის ადგილია. თითოეული პრესტიჟული კინოდათვალიერების მუდმივი შემადგენელი ატრიბუტი მასთან დაკავშირებული სკანდალებია. მიღებულია აზრიც, რომ თუ ფესტივალზე რაიმე „საგანგებო” ფაქტი არ დაფიქსირდა, მას აუცილებლად გამოიგონებენ.
იშვიათობას არ წარმოადგენს პოლიტიკური სახის კონფლიქტებიც და მის გადაჭრაში, მასში მონაწილე პირების ქვეყნების ოფიციოზი მონაწილეობს.
1963 წლის მოსკოვის კინოფესტივალზე დიდი ომი გაჩაღდა ფედერიკო ფელინის შედევრის „რვანახევრის” ირგვლივ. ამ ფილმის ჩვენებაზე საბჭოთა ქვეყნის იმდროინდელ ლიდერს ნიკიტა ხრუშჩოვს ჩაეძინა. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფესტივალის ჟიურის, საბჭოთა პარტიულმა ფუნქციონერებმა „ურჩიეს” რომ მთავარი პრიზი საბჭოთა სურათს „გაიცანით, ბალუევი” გადასცემოდა.
ფელინიზე დიდი ზეწოლა განხორციელდა რათა თავისი ფილმი კონკურსიდან მოეხსნა. მას თავდაპირველად ცნობილი რუსი რეჟისორი სერგეი გერასიმოვი მიუგზავნეს, მაგრამ ამაოდ. ფედერიკო ფელინი შეუვალი იყო. ამის შემდეგ სამჭოთა ჩინოვნიკებმა ბრძოლის სხვა გზა აირჩიეს. გადაწყვიტეს ჟიურის თავმჯდომარის გრიგორი ჩუხრაისთვის მოევლოთ. რეჟისორი კრემლში გამოიძახეს და პარტიიდან გარიცხვის მუქარით მოსთხოვეს, რომ პრიზი რუსული ფილმისათვის მიეცა.
ამასობაში განხეთქილება დაიწყო თვითონ ჟიურის შემადგენლობაშიც. სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლები მხარს კომუნისტ მეგობრებს უჭერდნენ, „კაპიტალისტი” კინორეჟისორები კი ფელინის ემხრობოდნენ. საბედნიეროდ საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვა და იტალიელი ფელინი მოსკოვიდან მთავარი პრიზით გაემგზავრა.