ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხბურთის თაყვანისმცემლების ყურადღება შორეული ბრაზილიისაკენ არის მიპყრობილი, სადაც „კონფედერაციის თასის“ მორიგი გათამაშება იმართება.
ევროპის კონტინენტზე საფეხბურთო ცხოვრება გრძელდება და განსაკუთრებულ დაინტერესებას ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა იწვევს. ცოტა ხნის წინ გუნდი იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ დატოვა და სამუშაოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა.
„დონ კარლიტოს“ თანამდებობა თავდაპირველად პორტუგალიელ ანდრე ვილაშ-ბოაშს უნდა დაეკავებინა. ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდა თანამემამულე „ტოტენჰემმა“ კატეგორიულად არ გაათავისუფლა. ანდრეს შემდეგ რუსეთის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ფაბიო კაპელოს ჯერი დადგა, მაგრამ „დონ ფაბიომ“ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტა და ახალ გუნდში გადასვლა იუარა.
რამდენიმე საათის წინ ფრანგულმა გამოცემამ „L’Equipe” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალ სეზონში პარიზულ გუნდს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი უხელმძღვანელებს.
ბლანი და „პსჟ“-ს არაბი მფლობელები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
ჯერჯერობით უცნობია ლორან ბლანი რამდენწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და როგორი იქნება მისი მომავალი ანაზღაურება.