კონფედერაციის თასს ჩაშლა ემუქრება

კონფედერაციის თასს ჩაშლა ემუქრება

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში კონფედერაციის თასის მორიგი გათამაშება დაიწყო. მომავალ წელს ეს ქვეყანა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს და ამჟამინდელი ტურნირი მის გენერალურ რეპეტიციად განიხილება.

კონფედერაციის თასის დაწყების პირველივე დღიდან ბრაზილიის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნის მთავრობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება გაზარდა, ამის გარდა ცნობილი გახდა რომ ხელისუფლებამ მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსება მსოფლიო პირველობის დასრულებამდე გააჩერა.

განრისხებული ბრაზილიელები ქუჩაში მასობრივად გამოვიდნენ და მთავრობას „მუნდიალი - 2014“-ზე უარის თქმა მოსთხოვეს. ხალხის მტკიცებით, ქვეყანა რომელიც საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე არ ფიქრობს, უფლება არ აქვს ისეთი ძვირადღირებული ღონისძიება ჩაატაროს როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბრაზილიელი პოლიტიკოსები მსოფლიო პირველობისათვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს. პირველად ხმა ყოფილმა ფეხბურთელმა რომარიომ ამოიღო, მოგვიანებით მას ბრაზილიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა რონალდოც შეუერთდა.

ბოლო დღეების განმავლობაში „კონფედერაციის თასის“ მასპინძელ ქვეყანაში მოსახლეობის მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. ხალხი მომავალი მსოფლიო პირველობის გაუქმებას, თანხების სოციალურ პროგრამებში დახარჯვასა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების მკაცრად დასჯას მოითხოვენ.

რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურმა გამოცემამ „Zero Nora” სენსაციური ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა რომ კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშებას ჩაშლის საფრთხე დაემუქრა.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ უახლოეს ორ დღეში საპროტესტო მანიფესტაციები არ შეწყდება, „სკუადრა აძურა“ ბრაზილიას ვადამდე ადრე დაემშვიდობება.

გუშინვე, ნიგერია-ურუგვაის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს იმ მიკროავტობუსს რომლითაც ფიფა-ს თანამშრომლები მგზავრობდნენ. ცოტა მოგვიანებით ხალხმა იმ სასტუმროში შეჭრა მოისურვა სადაც ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელები ცხოვრობდნენ. მომიტინგეებმა ურუგვაელებს ტურნირის ვადამდე ადრე დატოვება მოსთხოვეს.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ პოლიციასთან შეტაკების დროს ქალაქ რიბეირაო-პრეტოში ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა, 12 კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.