კაპელოს ალტერნატივა - კლოდ მაკელელე

კაპელოს ალტერნატივა - კლოდ მაკელელე

რამდენიმე დღის წინ იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და მუშაობას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

ალბათ გახსოვთ ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მაკელელემ მწვრთნელობა დაიწყო და პარიზულ კლუბში დასაქმდა. თავდაპირველად ბავშვებთან მუშაობდა, გასულ წელს კი დააწინაურეს და ანჩელოტის ასისტენტის თანამდებობა ჩააბარეს.

მაკელელეს კლუბში მნიშვნელოვანი საქმე ებარა. ის გახლდათ შუამავალი მოთამაშეებსა და მთავარ მწვრთნელს შორის. ამის გარდა თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებდა და ანჩელოტის არყოფნაში ვარჯიშებს ატარებდა.

ყოფილ ფეხბურთელს გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30 ივნისს უსრულდებოდა. გუშინ „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილ მოთამაშეს ახალი ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ცნობილია რომ პარიზული გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფაბიო კაპელო მოიაზრება. ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ კაპელოსთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება, „პსჟ“-ს ახალი სეზონისთვის კლოდ მაკელელე მოამზადებს.