ვიღაცამ საქმე ხომ უნდა გააკეთოს? - ჩვენ გვინდა, რომ საქმე გავაკეთოთ. უნდა შევქმნათ ის მექანიზმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს შეასრულოს 12-ვე პუნქტი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, სამუშაო პროცესთან მიმართებით სრულ თანხვედრაში არიან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს იმუშავებენ სამ საკითხზე: არჩევნები, სასამართლო და ანტიკორუფცია.
„რაც შეეხება იმას, თუ სად გადაიკვეთება ეს ორი კანონი, რომელსაც ჩვენ დავწერთ და ისინი დაწერენ, ეს ყველაფერი გადაიკვეთება კომიტეტებზე და სესიებზე, იმიტომ, რომ კომიტეტებს და სესიებს ვერც ჩვენი დაწერილი და ვერ მათი დაწერილი კანონი ასცდება. ამიტომ, ძალიან სწორი და მწყობრი სტრატეგია გვაქვს. მესმის, რომ ზოგიერთისთვის შესაძლოა, ცოტა რთულად აღსაქმელია, რას ვაკეთებთ, მაგრამ მარტივი საკითხია - ძალიან ბევრი კანონია დეტალურად დასამუშავებელი და დასაწერი. ჩვენი გულწრფელი მოწოდებაა, რომ ეს დეტალურად დამუშავდეს და დაიწეროს სექტემბრამდე იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ 12-ვე პუნქტთან მიმართებაში, რა არის გასაკეთებელი. მერწმუნეთ, დღეს საქართველოში ვერცერთ ადამიანს ვერ იპოვით, რომელიც გეტყვით 12-ვე პუნქტში რა არის გასაკეთებელი. შესაბამისად, სამუშაო პროცესი ნიშნავს მუშაობას - ვიწყებთ მუშაობას, რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“,- აცხადებს ვაშაძე.
ამასთან, მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მისთვის მიუღებელი „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მუშაობა, რის შედეგადაც ქვეყანა შემდეგ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
„კომისიები, რომელსაც წინაპირობები აქვს, რომ დეოლიგარქიზაცია არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თურმე არ ვრცელდება 12 პუნქტი, პირდაპირ გვითხრეს, რომ „კლანი“ სასამართლოში არ არის და ჩვენ კანონს, რომელსაც დავწერთ არ შეეხება „კლანსო“. გეკითხებით, როგორ უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს მიყენებენ და ვიცი, რომ ოთხ ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნა?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი განმარტებით, ახლა ნომერ პირველი ამოცანა არის 12-ვე საკითხს ჰქონდეს კომპლექსური გადაწყვეტა. ვაშაძის თქმით, სამუშაო პროცესი ნიშნავს ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას, კითხვა-პასუხის რეჟიმში წერილების გაგზავნას და პასუხის მიღებას და ა.შ. ეს გასაკეთებელია, რადგან ამის გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება.
„ვიღაცამ საქმე ხომ უნდა გააკეთოს? ჩვენ გვინდა, რომ საქმე გავაკეთოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ის მექანიზმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს შეასრულოს 12-ვე პუნქტი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენი ამოცანა კანდიდატის სტატუსის მიღებაა. საქართველოს მოქალაქეებს ვეკითხები, თუ „ქართული ოცნება“ ევროპული დასკვნის შესაბამისად მხარს არ უჭერს იმ კანონებს, რომლის მიღების შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად ვიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მაშინ რა უნდა ვქნათ? მე რა გეგმაც მაქვს, როდესაც მივალთ ამ პროცესამდე, გაგანდობთ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მშვიდად და წყნარად აპირებენ მუხლჩაუხრელად მუშაობას.