იმის ნაცვლად, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ და მათი პროდასავლურობა აჩვენონ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთად, ფერხულით ვიაროთ, ისინი პარალელურ პროცესს ქმნიან, რომელიც ამას ხელს უშლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ ასე ხუმრობით გავიმეორო: ჩვენმა ოპოზიციამ ძალიან ხშირად ახსენა სიტყვა „ტექნიკური“ - ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური მთავრობა უნდოდათ და ტექნიკური ოპოზიცია არ შეიძლება რომ შედგეს? ვინმე, პროფესიონალები რომ მოვიწვიოთ, საქმის მცოდნეები, რომლებიც რეალურად საქმეზე იქნებიან ორიენტირებული. არ ექნებათ სურვილი, ქვეყანა ააყირაონ და ცეცხლი მოუკიდონ, ომი დაიწყონ. გააკეთონ ის საქმე, რომელიც ნამდვილად ოპოზიციას მმართებს. სინამდვილეში ოპოზიცია იმ საქმითაა დაკავებული, რომელზეც მე ვისაუბრე - სურს ქვეყანაში დაანთოს ცეცხლი.
რაც შეეხება ევროპარლამენტარებსა და მათ დარწმუნებას, გზა, რომელსაც გადის დღეს საქართველო, მიდის ევროკავშირამდე. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ამ გზის გავლის აუცილებელი წინაპირობაა. მხოლოდ ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად ევროკავშირის გზა და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის გახსნილი იქნება. იმის ნაცვლად, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და მათი პროდასავლურობა აჩვენონ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთად, ფერხულით ვიაროთ, ისინი პარალელურ პროცესს ქმნიან, რომელიც ამას ხელს უშლის. კითხვას ვსვამ, ვის ინტერესში შედის საქართველო ევროკავშირში რომ არ გაწევრიანდეს? საქართველოს სვლის შეფერხება ევროკავშირის გზაზე? ერთადერთი ასეთი ქვეყანა რუსეთია. მოდით ვთქვათ, რომელი ძალა სახელისუფლებო თუ რადიკალური ოპოზიცია აკეთებს დღეს რუსეთის საქმეს? ნათელია, საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად გაიგო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.