ეს იყო გზავნილი ზედა ინსტანციის მოსამართლეებისთვის, რომ თუ ისინი ნიკა გვარამიას საქმეზე ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ მიმართაც გარკვეული სადამსჯელო ღონისძიება გატარდებოდა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, შოთა ქადაგიძემ „იმედის კვირას“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ინდივიდუალურად უკავშირდებიან მოსამართლეებს და იგნორირებას უკეთებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როდესაც აშშ-ში გასაგზავნად მოსამართლეების შერჩევა ხდება.
„მიმაჩნია, რომ მოხდა მოსამართლეზე ზეწოლა, რადგან მოსამართლე გასამგზავრებელი სიიდან ამორიცხეს და აშშ-ში ვიზიტით ვერ გაემგზავრა. ეს იყო გზავნილი სხვა მოსამართლეებისთვის, ზედა ინსტანციის მოსამართლეებისთვის, რომ თუ ისინი ამ საქმეზე ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ მიმართაც გატარდებოდა გარკვეული საჯარიმო, სადამსჯელო ღონისძიება, ე.წ. სანქცია და ისინიც ასევე ვერ გაემგზავრებოდნენ ვიზიტით აშშ-ში.
საელჩოს თანამშრომლები ინდივიდუალურად უკავშირდებიან მოსამართლეებს, იგნორირებას უკეთებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აღნიშნულ მოსამართლეებთან კომუნიკაცია ხდება საელჩოს ქართველი თანამშრომლების მეშვეობით, რომელთაც პირადი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ კონკრეტულ მოსამართლეებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია ფავორიტიზმი, რომელიც საელჩოს მხრიდან ვლინდება. კერძოდ, მათ მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებზე მოსამართლეების მონაწილეობა ფავორიტიზმით ხდება. კერძოდ, 6-7 მოსამართლე დაახლოებული არიან საელჩოს ქართველ თანამშრომლებთან, ისინი იღებენ მონაწილეობას ტრენერებად სხვადასხვა ლექცია-სემინარზე იმ დროს, როდესაც საქართველოში 300-ზე მეტი საკმაოდ მაღალკვალიფიციური მოსამართლეა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრების - ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძისა და ლევან გზირიშვილის განცხადებაშიც არს აღნიშნული, რომელიც 20 ივლისს გავრცელდა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.