ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახონ

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახონ

ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს - სანამ იქნება სულ მცირედით მაინც წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, ის არასდროს არ დაამთავრებს პოლარიზაციას,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მოწოდება ორივე მხარეს ეხება და საქმეც სწორედ ამაშია, რადგან თუ ოპოზიციის მიმართ მკაფიო გზავნილი არ იქნება, „რადიკალურ ოპოზიციას ექნება განცდა, რომ დასავლეთი რევოლუციურ სცენარს მხარს უჭერს“.

„ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამ პარიტეტს იცავენ და საქმეც ამაშია. ოპოზიცია დაუმთავრებლად არყევს ამ სახელმწიფოს. სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები მუშაობს, წერილი გვაქვს მიწერილი, მობრძანდნენ და ჩაერთონ, ისევ უარია, ეს უარი არ დამთავრდება. ამიტომ ვამბობთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს, სანამ იქნება სულ მცირედით მაინც წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, ის არასდროს არ დაამთავრებს პოლარიზაციას. ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ, მარტო კი არ უნდა მოუწოდონ, დაბეჯითებით უთხრან, რომ თქვენი გზა, რომელიც გულისხმობს "არა"-ს, არ იქნება აღქმული ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციულ გზად, სანამ ასეთი მკაფიო გზავნილი არ იქნება, რადიკალურ ოპოზიციას სულ ექნება განცდა, რომ დასავლეთი ამ რევოლუციურ მეთოდებს მხარს უჭერს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.