იკმარებს თუ არა ფული მთელი საქართველოს დასაზღვევად

იკმარებს თუ არა ფული მთელი საქართველოს დასაზღვევად

სულ რადენიმე დღეში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მეორე, გაფართოებული ეტაპი დაიწყება. მის ამოქმედებას აუცილებლად მოყვება მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც ბაზარზე, ასევე მთლიანდ ჯანდაცვის სისტემაში.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრთა განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაში პრობლემების შექმნის ალბათობა არ არსებობს, არადა ამის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ კერძო მზღვეველები და ზოგიერთი ექსპრეტი. მაგალითად, კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და არის ეჭვები, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე ეტაპის დაფინანსებას ვერ გასწვდება.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე კი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის საჭირო თანხები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს, 2013 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცა. მაღრაძის თქმით, საფუძველი იმისა, რომ უკვე გამოყოფილი თანხა პროექტს არ ეყოფა, არ არსებობს.

ამ რამდენიმე დღის წინ თავისი შეფასება-რეკომენდაცია დაგვიტოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. მათი მოსაზრება საყოველთაო დაზღვევას და მედიკამენტების ღირებულებას შეეხებოდა.

ფონდში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მედიკამენტების მაღალი ფასების პრობლემას ვერ აგვარებს. ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი სავალუტო ფონდის შეფასებას მედიკამენტების პრობლემასთან დაკავშირებით ეთანხმება.

როგორც ფარმაცევტული კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებელი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, სახელმწიფო პროგრამებში არც მანამდე და არც დღეს მედიკამენტების საკითხი მოგვარებული არ არის. კახა ოქრიაშვილის თქმით, სახელმწიფო როგორც მსხვილი ბიზნესი მედიკამენტების ბაზარზე არ არის წარმოდგენილი, რაც ფასებს ვერ ამცირებს. მისივე განცხადებით, როგორც კი მედიკამენტების კომპონენტი დაზღვევაში გაჩნდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს ფასების შემცირებას.

ოქრიაშვილის თქმით, საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და არის ეჭვები, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე ეტაპის დაფინანსებას ვერ გასწვდება.

1-ლი ივლისიდან ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა ძალიან ფართოვდება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებებს მოიცავს ახალი დაზღვევა, ბოლომდე დადგენილი არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოე ქინქლაძის თქმით, კონკრეტული დეტალები მას შემდეგ დადგინდება, რაც მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს.

„დღეს მხოლოდ ის შეიძლება ვთქვა, რომ ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტი დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც სოციალურად დაუცველებს აქვს. ცვლილება მხოლოდ გარკვეული პროგრამების დაფინანსებას შეეხება. შეიძლება ზოგიერთი რამ დაზღვეულისთვის სრულიად უფასო იყოს, ზოგიერთის მკურნალობაზე კი მცირედი თანადაფინანსების პრინციპი ამოქმედდეს“, - განაცხადა ქინქლაძემ.

როგორც ცნობილია, სოციალურად დაუცველის პაკეტით ყველაფერს მთავრობა აფინანსებს, რადგან მათ თანხა არ გააჩნიათ. იმ ადამიანის ჯანდაცვის პაკეტში კი, რომელსაც შემოსავალი აქვს, თანადაფინანსების პრინციპი ამოქმედდება. საბოლოო ჯამში, სოციალური დაუცველების პაკეტი მაინც განსხვავებული იქნება, მათ ექნებათ უფრო უკეთესი პაკეტი დაფინანსებით თვალსაზრისით.