შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე:  რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი?

შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე: რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი?

რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური

როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით და ეს საკითხი სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

„რაც შეხება აპელაციას, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც განაჩენით არის უკმაყოფილო, უნდა გაასაჩივროს. ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში როგორც იცით, უკმაყოფილო არის როგორც ბრალდებული, ისე ბრალმდებელი და ორივემ გაასაჩივრა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მოწოდებებს, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს შეიძლება სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეფასდეს.

„იყო ერთი კონკრეტული განცხადება, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. რა თქმა უნდა, ასეთი პირდაპირი მოწოდებები, მინიშნებები და შეფასებები ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მსჯავრდებული გვარამიაც.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.