რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კარიერის გაგრძელებას „მანჩესტერ იუნაიტედში“ აპირებდა.
ჟოზე მოურინიოს მადრიდიდან წასვლის შემდეგ „რეალის“ მიტოვება რონალდომაც გადაწყვიტა. წინა კვირას პორტუგალიელს ბრიტანული გუნდის ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა შესთავაზა. ინგლისური კლუბის გარდა მას ფრანგული „მონაკოდანაც“ შეეხმიანნენ. კულუარული ცნობით, ფეხბურთელმა ფერგიუსონის წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო.
დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა რომ „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში „სამეფო გუნდი“ წამყვან თავდამსხმელს ახალ ხუთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს. რონალდო საერთო ჯამში 155 მილიონ ევროს მიიღებს.
ამჟამად მოთამაშე წელიწადში 10 მილიონ ევროს ღებულობს, ახალი კონტრაქტის თანახმად უკვე 31 მილიონს მიიღებს. საინტერესოა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილის გადახდა ესპანეთის ხაზინისათვის მოუწევს. ამის მიუხედავად კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.