გუშინ საღამოს გამოცემამ „France Football” სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა.
ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს დღეებში რუსეთის ეროვნული გუნდის იტალიელი თავკაცი, 67 წლის ფაბიო კაპელო კლუბ „პარი სენ ჟერმენთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილი გახდა რომ დღეს ფაბიოს პარიზული გუნდის არაბი მფლობელები პირისპირ შეხვდებიან და „პსჟ“-ში მუშაობის სანაცვლოდ სარფიან კონტრაქტს შესთავაზებენ. ფრანგული კლუბის მფლობელები რუსეთის საფეხბურთო კავშირისათვის კომპენსაციის სახით სამი მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. კულუარული ცნობით, უკვე დღეს საღამოს პარიზულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
ფაბიო კაპელოს რუსებთან გაფორმებული ხელშეკრულება 2014 წლის მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ უსრულდება.
დღეს დილით რუსულ მას-მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთის მამებმა მოქმედება დაიწყეს და კაპელოს კონტრაქტის 2018 წლამდე გაგრძელება შესთავაზეს. დონ ფაბიომ თურმე მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოითხოვა.
გუშინდელი საღამოდან რუსი, ფრანგი და იტალიელი ჟურნალისტები კაპელოსთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ. მწვრთნელი ამჟამად შვებულებაში იმყოფება და სატელეფონო ზარებს კატეგორიულად არ პასუხობს.
რამდენიმე საათის წინ „Sky Italia”-მ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ნაკრებს სათავეში „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჩაუდგება. რობერტოს ერთ-ერთი ახლობელის მტკიცებით, გუშინ მანჩინის რუსეთიდან დაუკავშირდნენ და კაპელოს წასვლის შემთხვევაში ეროვნული გუნდის ჩაბარება ოფიციალურად შესთავაზეს.