სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ვალერი ცერცვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის – ინგა კვაჭანტირაძის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეების ჯუმბერ რუსიაშვილის, ირაკლი შენგელიას და ივანე ღლონტის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და კანონშესაბამისი რეაგირების წინადადებით მიმართა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ჯეროვნად არ შეასრულეს მოსამართლის მოვალეობა. საქმე ეხება სააქციო საზოგადოება „ელიტ-ელექტრონიქსში“ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების კანონიერებას. კერძოდ, 2013 წლის 4 თებერვალს სააქციო საზოგადოება „ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმის წარმოება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2007 წელს განხორციელებული საგადასახადო შემოწმების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის განმარტებით, 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა „ელიტ ელექტრონიქსის“ სარჩელი, რომელშიც „ელიტ ელექტრონიქსი“ საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების არაკანონიერად ცნობას ითხოვდა. მოგვიანებით - 2009 წლის 29 მარტის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
„მოსამართლეებმა ზემოაღნიშნულ საკითხზე არსებითად არ იმსჯელეს და შემოიფარგლენ მხოლოდ ზოგადი, მშრალი ჩანაწერებით. მართალია, მოსამართლეს ყველა საკითხზე მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ ევალება, მაგრამ ისეთ არსებით საკითხზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა მხარემ და როგორიცაა საგადასახადო შემოწმების დაწყების კანონიერება, მოსამართლეებს აუცილებლად ნათლად და დასაბუთებულად უნდა დაეფიქსირებინათ სასამართლოს პოზიცია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც მის ხელთ არსებული მასალები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს გადაუგზავნა.
უჩა ნანუაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭ ვერასოდეს შეამოწმებს რამდენად კანონიერად მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება.
„ეს რომ დავუშვათ, იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა. გნებავთ პროკურორმა უთხრას მოსამართლეს, უნდა დაგკითხოთ, რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილებაო, გნებავთ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრას იგივე. ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე, შემდეგ კი მისი ზემდგომი მოსამართლეების“, - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებს მსგავს განცხადებას კუბლაშვილი, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო სწორედაც ის ორგანოა, რომელიც მოსამართლეთა მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დისციპლინურ დევნას ახორციელებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაში შედის სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგნაირად არის განმარტებული: - „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის წარმოება და მისი განზოგადება.“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეს-მდივანი, ნათია ვასაძე for.ge-ს კითხვაზე - არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის ორგანო, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას ახორციელებს, განმარტავს, რომ თუკი კონკრეტულ პირს რომელიმე მოსამართლის მიმართ აქვს პრეტენზია, განცხადებით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს უნდა იყოს დასაბუთებული წინადადება, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე თვლის, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია და ამ განცხადებას მტკიცებულებები უნდა ერთვოდეს თან.
„ჩვენთან სულ ხუთი დეპარტამენტია, რომელთაგან ერთ-ერთი არის სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი, რომელიც იწყებს ამ საქმეების განხილვას. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ღებულობს სადისციპლინო კოლეგია“, - ამბობს ნათა ვასაძე.
იგი ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის უწყება, რომელიც მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ დევნას ახორციელებს.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა მოსამართლეს არათუ სისხლის სამართლებრივი, არამედ დისციპლინური პასუხისმგებლობაც თავიდან აარიდონ.
„ახალი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც, მაგალითად, იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მოსამართლეები წინა ხელისუფლების მსხვერპლნი არიან. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. სახალხო დამცველის მიერ გაცემული არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, გათვალისწინებული არ ყოფილა“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
იგი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო აღწერილი და რომელზე რეაგირებას ლორთქიფანიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა, მაგრამ რეაგირება ამ ფაქტს არ მოჰყოლია. რაც შეეხება კოტე კუბლაშვილის პოზიციას, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს არის სირაქლემას პოზაში მყოფი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია და რომ კუბლაშვილი უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. უფლებადამცველის თქმით, ამით კუბლაშვილი მოსამართლეებს, რომლებსაც დანაშალებრივი გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი, ღია მესიჯს უგზავნის და მათ ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ბოლო დროს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები კოტე კუბლაშვილს უქმნის იმის ილუზიას, რომ ის დამნაშავე მოსამართლეებს დაიცავს. კერძოდ, უფლებადამცველის თქმით, ამ ნორმების თანახმად, არავის აქვს უფლება, სამართალწარმოებაზე მოსამართლეს ანგარიში მოსთხოვოს, რაც მოსამართლეებისთვის ერთგვარი დაცვის მექანიზმია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ დისციპლინარული დევნით შემოიფარგლება, ხოლო ამ საქმისწარმოების მასალები გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ეს არის ძალიას ფორმალური, მკვდრადშობილი ნორმები, რომლებითაც იქნება იმის ილუზია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯრომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თითქოსდა ახდენენ მოსამართლეების მიმართ დისციპლინარულ დევნას.
„მოგეხსენებათ, სანდრო გირგვლიანის საქმე იქნებოდა, ვაზაგაშვილის, თუ სხვა გახმაურებულ საქმეებზე მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არათუ დისციპლინარული დევნის ქვემდებარეა, არამედ ასეთ ფაქტებზე პირდაპირ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულის თავით გათვალისწინებული ქმედებებისთვის. დამეწრმუნებით, რომ არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. დღესაც გააფთრებული ბრძოლა მიდის იმისათვის, რომ მოსამართლეები ხელშეუხებლები იყვნენ“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, მოსამართლეთა კონფერენციის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კოტე კუბლაშვილმა ერთით ნოლი მოუგო მმართველ გუნდს და ფაქტობრივად გამოაცალა ყველანაირი ბერკეტი იმისა, რომ შემდგომში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი მუშაობა შეფასებული იქნეს, როგორც საზოგადოებისთვის სანდო. უფლებადამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის წინა ხელისუფლების დაუსჯელობის კიდევ უფრო მეტი გარანტი ხდება.