„ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები. ისინი რჩებიან პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“, - ასე გამოეხმაურა საკუთარ ბლოგში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევრო კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი სანქცია ევროკავშირის მხრიდან 2022 წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90 პროცენტით შესყიდვის აკრძალვას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს.
„სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვას ძლიერ აზიანებს. ამ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და უკრაინა არ შეძლებს, სრულად აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი. ამ დამოკიდებულებამ ალბათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პუტინის თავდაპირველ გათვლებში უკრაინასთან დაკავშირებით. ის დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი არასოდეს დაუწესებდა სერიოზულ სანქციებს რუსეთს, რომელიც მასზე ენერგეტიკულად იყო დამოკიდებული. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან ეს ომი დაიწყო“, - აღნიშნავს ბორელი.