რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ახალი სეზონიდან კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით სამხრეთ ამერიკელი ტურინის „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო. ეს გარიგება რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Daily Mail” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დიეგო მარადონას თანამემამულე ლონდონის „არსენალში“ გადადის.
არსენ ვენგერის გუნდის წარმომადგენლები „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე შეხვდნენ და არგენტინელის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს. ბატონი ფლორენტინო ამ წინადადებას დათანხმდა და უახლოეს დღეებში ფეხბურთელ გონსალოს ლონდონისაკენ მიმავალ გზას გაუყენებს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, იგუაინი „არსენალთან“ სამწლიან ხელშეკრულებას მიმდინარე კვირის დასასრულს გააფორმებს.