შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ტარიელ ფ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ ფ. არის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და აღიარებს ქურდულ სამყაროს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან.
სამართალდამცველებმა ტარიელ ფ. ბრალდებულის სახით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის აგრძელებს მკურნალობის კურსს ბადრაგების ზედამხედველობის ქვეშ.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).