რამდენიმე საათის წინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მილანის „ინტერის“ 30 წლის თავდამსხმელი ანტონიო კასანო კლუბის დატოვებას აპირებს.
მილანური კლუბის მფლობელ მასიმო მორატის კლუბი „ჯენოას“ მცველი ლუკა ანტონელის გადმობირება სურს. ბატონი მასიმო ლუკას ამჟამინდელი გუნდის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და მცველის კასანოში გაცვლა შესთავაზა. ეს წინადადება „ჯენოაში“ დიდი სიამოვნებით მიიღეს.
წინა კვირას ცნობილი გახდა რომ კასანოს სამსახურით რამდენიმე არაბული გუნდი, იტალიური „პარმა“ და ფრანგული „მონაკო“ დაინტერესდა. თავად მოთამაშეს სამშობლოს დატოვება არ სურს და კარიერის „ჯენოაში“ გაგრძელებას ულაპარაკოდ დათანხმდა.
გუშინ საღამოს გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერის“ 27 წლის კოლუმბიელი ლეგიონერი ფრედი გუარინი შეიძლება ბრიტანულ „ტოტენჰემში“ აღმოჩნდეს.
ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა იტალიელებს სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ თავდაპირველად 18 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ცნობილი გახდა რომ ინგლისელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ამჟამად 22 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ. ამ წინადადებას „ინტერი“ ალბათ მიიღებს და კოლუმბიელს ინგლისში გაუშვებს.