„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ - აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ - აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თარგმანი  თსუ-ის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული   თანამშრომლობის შედეგია. პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

„პუბლიკაცია აღწერს იმას, თუ რა მექანიზმები და ინსტრუმენტები არსებობს ევროგაერთიანებაში, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რა უნდა შეასრულოს ქვეყანამ, რომ გახდეს მისი წევრი. აუცილებელია, რომ ჩვენმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა მიღონ სწორი შეფასება ამ საკითხებზე, მაშინ, როცა უამრავი  ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის შესახებ,“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის პუბლიკაციის აფხაზურ ენაზე გამოცემა. ეს გზამკვლევი ფართოდ უნდა გავრცელდეს ყველა ბენეფიციარსა და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე,“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნანა გაბელიას თქმით, უწყება ეცდება მაქსიმალურად გაავრცელოს პუბლიკაცია აფხაზურენოვან მოსახლეობაში. „ცნობადობის ამაღლების კუთხით ჩვენი საჯარო მოხელეები, აფხაზეთის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, გადავამზადეთ და მათ ცნობიერება ავუმაღლეთ ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტების შესახებ, რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია,“- აღნიშნა ნანა გაბელიამ.

EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდგომ დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს  (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და EPLO-ს უნივერსიტეტის - ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ცნობიერების ამაღლების პროგრამა: „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და  ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.  სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.