„ნებით თუ სხვა ფორმით, მაგრამ პასუხი მაინც იქნება მიღებული თარგამაძისგან“

„ნებით თუ სხვა ფორმით, მაგრამ პასუხი მაინც იქნება მიღებული თარგამაძისგან“

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ თავდაცვის სამინისტროს ელიტურ კორუფციაში დასდეს ბრალი და იმ მაღალი თანამდებობის პირთა დასჯა მოითხოვეს, რომელთაც შეთანხმებებში მონაწილეობა მიიღეს. საქმე ეხება გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლს, რომელმაც თბილისში, შპს „პროგრეს პლუსი“ დაარეგისტრირა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავად არის. ამ კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობა მიიღო და მოიგო კიდევაც. უმცირესობის წევრები თვლიან, რომ ამ კომპანიის უკან სინამდვილეში გია ყარყარაშვილი დგას.

თავად გენერალი ყარყარაშვილი უმცირესობის ბრალდებას for.ge-სთან საუბრისას პასუხობს და გივი თარგამაძისგან დაუყოვნებლივ ითხოვს მტკიცებულების გამოქვეყნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გენერალი აცხადებს, რომ ის თავად ესტუმრება პარლამენტში თარგამაძეს და მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„უკვე მეათე თვე მიდის აღარსად ვჩანვარ. არავის გამარჯვებით მისარგებლია და არც არავის დამარცხებით დავმტკბარვარ, უბრალოდ გავეცალე პროცესებს უხმაუროდ... მინდოდა ამ სიძულვილს გავცლოდი. მეგონა, რომ მოვახერხებდი. მაინც არ მომასვენეს...  გუშინ ვუსმენდი, რა სიამაყითა და ბედნიერი სახეებით აცხადებდნენ: „კორუფციული სქემის შესახებ თავდაცვის სამინისტროში“, ან რა შთამბეჭდავად ჟღერდა: „წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიურობისათვის მილიონ რვაასათასიანი ტენდერი ჯილდოდ“ და ბოლოს, წმინდა ნაციონალური ანალიზის შედეგად გამოთქმული ვარაუდი „ერთ ლარი“-ს გაყოფასთან დაკავშირებით.

მოკლედ, წინასწარ დანაშაულად ჩაგვითვალეს სიმონიანს, მე და სხვას ყველას ის, რომ ადამიანთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა საკუთარი შრომით თავის გატანა გადაწყვიტა... არადა მთელი ამ მითქმა -მოთქმისა და მრავლისმთქმელი ციფრების უკან დგას ის, რომ „პროგრესი პლიუსის“ ხუთიოდე თანამშრომელი ადგილზე მომსახურეობას უწევს იმ ტენდერების შესრულებას, რომლისთვისაც საქონელი სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იგზავნება, ხოლო ფირმის მიერ გაწეული შრომის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ამ შრომის საფასურად იღებს ხელფასს იმ მცირე თანხებიდან, რომელსაც პარტნიორი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ტოვებს გასამრჯელოდ (თუმცა, ვიცი, რომ ამას რასაც ვწერ ჭიქაში ქარიშხლის ამტეხებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მთავარი იყო პოლიტიკურად შეურაცხყოფა მოეყენებიათ, რაც ნაწილობრივ უკვე მოახერხეს, მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება).

გივი! პირადად შენ მოგმართავ, პატივი დამდე, მიცნობ და შენ მელაპარაკე და მედებატე. ირმას ჭორებზე გაკეთებულ განცხადებებზე პოლემიკაში ნუ შემიყვან. გამოძიებას ითხოვდით და უკეთეს ვარიანტს გთავაზობ, ოღონდ, იცოდე უპასუხოდ დატოვებას პირადად შენგან არ მივიღებ. გამოაგზავნე ნებისმიერი იურისტი, გინდა ფინანსისტი, პირადად მივეხმარები, რომ „პროგრეს პლუსის“ საბუთებში ჩაახედონ. მათ შორის, სრულად საბუღალტრო მასალებისა და ფინანსების მოძრაობაში.

ასევე გააცნობენ იმ სავარაუდო მოგების მენეჯმენტს, რომელსაც ტოვებს ე.წ. „მილიონიანი“ ტენდერები, რათა საკუთარი თვალით დარწმუნდეთ რაოდენ მიზერულ ფასად იქნა შეთავაზებული ტენდერის შესრულება (ალბათ გამოუცდელობისა და პატიოსანი მიდგომის გამო). სრულად გააცნობენ იმ ფოსტის მიმოწერას, როგორ მიიღო თურქეთიდან შემოთავაზება, როგორც ნდობით აღჭურვილმა პირმა ბიზნესსაქმიანობაზე და ასევე ყოველ მიმოწერას დღევანდელ დღემდე. თუ სადმე აღმოაჩენენ ამ კორუფციულ გარიგებას, ან ვინმესთან „გასაყოფად“ საკმარის მოგებას, თვითონვე გამოცხადდებიან სამართალდამცავ ორგანოებში, მაგრამ ერთი პირობით: თუ მსგავსი რამ არ აღმოჩნდება, საქვეყნოდ მოიხდით ბოდიშს“, - ეს არის წერილი, რომლითაც გია ყარყარაშვილმა მიმართა გივი თარგამაძეს, თუმცა როგორც ყარყარაშვილი აცხადებს, თარგამაძისგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

რა კავშირი გაქვთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან?

გია ყარყარაშვილი: თქვენ წარმოიდგინეთ არაფერი. ერთი მხრივ მე და ის ადამიანი, რომელიც დამფუძნებელია და დირექტორი, ცდილობს არსებობისთვის რაღაცა გააკეთოს და მიაღწიოს. დასამალი არ არის ის, რომ კაციშვილი ხელს ვერ ანძრევდა 1-ელ ოქტომბრამდე. ვერც დაგინებას და ვერც დაფიცებას ვერ ვიკადრებს სახალხოდ, მაგრამ ესეც შემიძლია თუ გივი თარგამაძე თანახმა იქნება. საერთოდ, თავდაცვის სამინისტროსთან, არავის, არა თუ ნაცნობობა, არამედ მეგობრობა არ გამოუყენებია. არც მე და არც სხვა იკადრებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ოდნავ მაინც ჩირქი მოსცხონ. არ ვართ ჩვენ ამ კატეგორიის ადამიანები.

მაშინ რატომ გაკეთდა განცხადება, რომ შპსპროგრეს პლუსი უკან არა თუ თქვენი მძღოლი, არამედ თქვენ დგახართ რეალურად?

- მეც რომ ვიდგე, რა არის ამაში ცუდი? თუ ამ კომპანიიდან მეც მექნება ხელფასი, რა არის ამაში ცუდი? თუ, ჩემთვის ექიმის მიერ დანიშნულ 15 წამალს ყიდვა არ სჭირდება?! თუ ჩემს ავადმყოფობას მკურნალობა არ სჭირდება?! მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ არავის არ გამოუყენებია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა. მივიდნენ და ნახონ საბუთები. ხუთმა ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა ბიზნესის კეთება. უფრო სწორედ, გადაწყვიტა გამოეყენებინა ის შესაძლებლობა, რაც გაჩნდა თურქეთიდან საქონლის გამოგზავნის თვალსაზრისით.

როგორ ფიქრობთ, ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდება თქვენს მიმართ?

- გამოძიება რომ დაინტერესდეს, იტყვიან გამოძიება ტენდენციური იყოო და ყარყარაშვილის წინააღმდეგ თვალი დახუჭესო. ამიტომ, ვიწვევ გივი თარგამაძეს, მის აუდიტს, მივიდნენ და ნახონ იმ კომპანიასთან ვარ თუ არა მე დაკავშირებული, მაგრამ არაფერი ცუდი იმაში არაა თუ ამ ფირმიდან სახელფასო ფონდი ექნება 4-5 ადამიანს. ნახონ, ეს კორუფციული სქემაა, თუ ეს არის კომპანია, რომლის საშუალებითაც 4-5 ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში. კიდევ ვიმეორებ, თუ საჭიროა დაფიცება - დავიფიცებ, თუ საჭიროა დაგინება - დავიგინებ, რომელიც უნდა გივი თარგამაძეს, მაგრამ ყოველგვარი ჩემი ჩარევის და ვინმეს სახელის გამოყენების გარეშე პატიოსნად დაფასდა ადამიანის შრომა.

გინდათ თქვენ ჩაერთეთ ამ გამოძიებაში, თქვენ გადმოგცემენ ამ საბუთებს, რა, როგორ მოხდა. იქ ისეთ მონაცემებს ნახავთ, რომ ნაცნობობა კი არა, ხელის შეშლა უფრო არის სამინისტროდან და სხვა უწყებიდან. ველოდები თარგამაძისგან პასუხს, მათ არ მოითხოვეს გამოძიება?! თუ არ იქნება მისგან პასუხი, მერე უკვე მე სხვა ზომებს მივიღებ. იმისათვის, რომ გივი თარგამაძის სულიერი ვნებები დაკმაყოფილდეს, მე ოთხშაბათის ბილეთი დავაბრუნე და საზღვარგარეთ პარასკევისთვის დაგეგმილი ფილტვის ოპერაცია გადავდე და დავრჩი ამის გულისთვის. ველოდები გივი თარგამაძეს.

თუ გივი თარგამაძის მიერ არ იქნება ყველა ბრალდებაზე გაცემული პასუხი, მაშინ რას იზამთ, მიმართავთ სასამართლოს?

- არა. პარლამენტში ჩავალ და იქ ვნახავ თარგამაძეს. ნებით თუ სხვა ფორმით, მაგრამ პასუხი მაინც იქნება მიღებული თარგამაძისგან. მე იმისთვის არ ვთქვი უარი ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ვიღაცამ ენა დაისველოს და მერე, თითქოს, - არაფერი და გაატაროს.

რაც შეეხება შპსპროგრეს პლუსი დირექტორს, ვინ არის თქვენი?

- მეგობარია. მეხმარება, მეც მატარებს. ამაში არაფერი დანაშაულებრივი არაა. მეც ვეხმარები. თვითონ ბიზნესი არის იმდენად პატარა მასშტაბის, იმდენად უბრალო და იმდენად გამჭვირავლე, რომ ამის ნახვა შეუძლია ყველას. კიდევ ვიმეორებ, მე ჩავშალე დაგეგმილი ოპერაცია, ველოდები პასუხს! არ იქნება და მე თვითონ ვეწვევი ქუთაისში. პასუხს მაინც მივიღებ გივი თარგამაძისგან.