საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ სასწავლო ცენტრის რეგულირების ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები.
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობდა 3-თვიანი ტრენინგ კურსი - „რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში შეისწავლეს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საფუძვლები, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, ბაზრების მონიტორინგის პრინციპები, სატარიფო რეგულირება, წყალმომარაგების სექტორის რეგულირების ძირითადი ასპექტები. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სემეკის წარმომადგენლები.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, პარტნიორ უცხოურ მარეგულირებელ კომისიებს შორის, ენერგეტიკის სექტორში სემეკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფუძნა სასწავლო ცენტრი.
„სემეკის მიზანი იყო და არის, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი გადამზადდეს, მიეწოდოს უახლესი ინფორმაციები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. სერტიფიკატები გადავეცით წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია და გაიმყარეს როგორც დარგობრივი კომპეტენციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სატარიფო პოლიტიკის, მარეგულირებელი აუდიტის საკითხებზე, ასევე გაიუმჯობესეს ზოგადი კომპეტენციები სამართლებრივი ჩარჩოს, ენერგეტიკული ბიზნესის ანალიზის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბერიძის განმარტებით, სასწავლო კურსის მონაწილეები იყვნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები, დოქტორანტები და ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული დამწყები ბიზნესმენები.
„რეგულირების კურსის მონაწილეთა შერჩევისას მივიღეთ 300-მდე აპლიკანტის განაცხადი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში დაინტერესება დიდია, აიმაღლონ კვალიფიკაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. სასწავლო ცენტრი უახლოეს ხანებში ახალი კურსებს დააანონსებს, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ჯგუფებზეც, რომლებიც თავისი საქმიანობით პირდაპირ არ უკავშირდებიან ენერგეტიკის სექტორს, თუმცა აქვთ სურვილი, მიიღონ მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.