ნაციონალი დავით საყვარელიძე ტყვია-წამლის საწყობებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იარაღის სამალავებში ჩაყრილია - „სუბოტექსი“, დღიურები და გაუგებარი ვიდეოფირები“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მმართველ ძალას სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში დასდო ბრალი.
„რახან ნამუსი არ აქვთ და გაასაჯაროეს, რაღაც გაუგებარი და ბინძური პიარის ხელოვნურად შესაქმნელად, იძულებული ვართ ის გითხრათ, რაც პროფესიონალებმა გამანდეს. გასულ წლებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ, იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობები საგანგებოდ იყო შექმნილი, რომელიც განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების (ტყეების, ბილიკების) გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის, დამტკიცებული საიდუმლო გრიფით დოკუმენტებით, რომლებიც ინახებიდა და ინახება თავდაცვის სამინისტროში. საომარი მოქმედებების დროს, ეს იარაღი სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების დროს უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდებოდა“, - განმარტავს საყვარელიძე.
დეპუტატის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდულმოების გახმაურება ხდება.
„სამწუხაროც აღარაა უკვე და საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდულმოების გახმაურება და ასე ბინძურად გამოყენება ხდება, ისევ და ისევ, ე.წ. „თალიბების ვიდეოების“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად. სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბოტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად თავი, პირველ რიგში, ოკუპანტების წინაშე გაიხადეს. იმ დროს, როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომდა აღმოჩნით და შიგნით სუბოტექსის ჩაყრით, იმავე დროს, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში 14 კაციანი ჯგუფით რუსები გადმოდიან და სრულიად დამამცირებლად სოფლის ჩხრეკას ატარებენ, რაზედაც სახელმწიფო რეაქციას ვღებულობთ „შეიძლება ითქვას, ზრდილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო“...!!! აქ რა იყო აღმოსაჩენი, ერთი გამაგებინეთ?! შეიძლება სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი პირველივე დღიდან უნდა ყოფილიყო! სამარცხვინოა, ასე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დანგრევა!“, - აღნიშნავს საყვარელიძე, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრალს სიცუეში სდებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აბსურდული მესიჯის გავრცელება საყვარელიძეს დაავალეს.
ბატონო ირაკლი, ნაციონალები ხელისუფლებას ბრალს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში სდებენ. თუმცა, თქვენი ინფორმაციით, რა მიზნით შეიქმნა სამალავები?
- გამოძიების დასრულებამდე, კონკრეტული ფაქტის ანალიზისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღმაშფოთებელია. პოლიტიკურ შეფასებას გამოძიების შემდეგ გავაკეთებ. რაც შეეხება საყვარელიძის განცხადებას, ის წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედებებისგან თავი დაძვრენას ცდილობს. როგორც ჩანს, შესაბამისი მესიჯების მომზადება მას დაევალა, თუმცა, მისი არგუმენტი აბსოლუტურად სუსტი და უსუსური იყო, რამდენადაც მის მიერ მოყვანილი არგუმენტები რეალობას არ ემთხვევა. კერძოდ, თუკი იარაღის სამალავის მოწყობა ხდება, შესაბის უწყებებში მისი აღრიცხვა აუცილებლად ხდება, ხოლო მსგავსი აღრიცხვა კი, არ არსებობს. საქმე იმასთან გვაქვს, რომ ნაციონალი ლიდერები პასუხიმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობენ. თავს ვიკავებ და კონკრეტული პირებისკენ ხელს არ ვიშვერ, თუმცა, სამეგრელოში არაკანონიერი დაჯგუფებების შექმნის შესახებ ინფორმაცია წინასაარჩევნოდ ცნობილი იყო.
ზუგდიდის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია საიდუმლო დაჯგუფებების შესახებ საუბრობდა, რასაც ნაციონალები კატეგორიულად უარყოფდნენ და აღნიშნულ ფორმირებებს - „რეზერვს“ უწოდებდნენ. რა კავშირია ამ სამარხებსა და იმ დაჯგუფებებს შორის?
- გამოძიებას უნდა დაველოდოთ და შეიძლება სხვა სამალავებიც ვიპოვოთ, ან სწორედ ის ფარული გეგმა გაიხსნას, რომლის გამოც, ეს იარაღი ინახებოდა და შესაბამისი ფორმირებები იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას ვფლობ, რა და როგორ ხდებოდა, არა მარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული რა მოხდა 2 ოქტომბერს და რა რეჟიმი შევცვალეთ! ფასადური დემოკრატიით, ქვეყანას ისეთი რეჟიმი მართავდა, რომელიც, როგორც ჩანს, ყოვლად უპასუხისმგებლო განზარახვით იყო გამიზნული. უსაფრთხოების სექტორს, ძალოვან უწყებებსა და ბიუჯეტს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ.
ანუ, წინა ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი ტიპის ქმედებისთვის მზად იყო?
- ამას ვერ დაგიდასტურებთ. ვარაუდებს გამოვთქვამ და გამოძიებას უნდა დაველოდოთ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, ამ ფაქტებს ერთმანეთთან განა ვერ დავაკავშირებ, უბრალოდ არ დავაკავშირებ, რადგან გამოძიებას პატივს ვცემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ფარული სამალავები ძმები ახალაიების ორგანიზებით შეიქმნა და როლანდ ახალაიას დავალებით ადგილზე ამას ორგანიზებას მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა უწევდნენ. ამის შესახებ თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- სანამ გამოძიება არ დასრულება, ვერაფერს გეტყვით.
უმცირესობა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ ეს სკანდალური ინფორმაცია თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს გამოძიების პროცესის გადაფარვის მიზნით გამოაქვეყნა...
- წინა ხელისუფლება რა მეთოლოგიით მოქმედებდა, ეს უკვე ჩანს. ისინი საკუთარი დანაშაულების თუ არასწორი პოლიტიკის გადაფარვისთვის, სხვადსხვა მოქმედებებს ახორციელებდნენ. მათთვის ინფორმაციის გადაფარვა ჩვეულებრივი მოქმედება იყო. მინდა უმცირესობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ახალი ხელისუფლება რაიმე მოვლენის გადაფარვით საერთოდ არ არის დაინტერესებული. ჩვენს ინტერესებში ორივე ფაქტის გამოძიება შედის და შედეგებს საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. ჩვენ არ გვაქვს გადაფარვის სურვილი, არამედ ჭეშმარიტების დადგენის. როგორც ჩანს, კვანძები ნელ-ნელა გაიხსნება.
„კვანძები გაიხსნება“ და ყოფილი ჩინოვნიკების დაჭერები გაგრძელდება? რამდენად მკაცრი და ობიექტური იქნება გამოძიება?
- ვფიქრობ, რომ უმკაცრესად განსაკუთრებით, დამკვეთები და ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, რადგან ეს საქმე სერიოზულ დანაშაულთან მიდის. პოლიტიკოსების პირადი საქმეები და ფოტოები ჰქონდათ შეგროვებული, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები და ვეჭვობ, რომ ამ ყველაფრის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უნდოდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესში ეს სამალავები სახელდახელოდ იქნა მომზადებული. თუმცა, სანამ გამოძიება დასრულდება, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.