სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები.
სამალავებში აღმოჩენილია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სამალავი სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად იყო მოწყობილი.
ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის.
გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
შსს-ს მიერ აღმოჩენილ მასალებს უკვე გამოეხმაურა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრები. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს მიერ აღმოჩენილი სამალავები განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს.
„რა პირობებში გვიწევდა ცხოვრება და როგორ მუშაობდა უსაფრთხოების სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის, ამას დეტალურად ვიგებთ. მოუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია აღვიქვათ ის, რაც შინგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ აღმოჩენილი ფატობრივი მასალების სიმრავლიდან გამომდინარე, დამნაშავეების იდენტიფიცირება რთული არ იქნება.
„შსს-ს მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმას, პირველი ოქტომბრის არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, საქართველოს ყველა რეგიონში რეპრესიები იყო მოსალოდნელი. სამეგრელოში რაც იქნა აღმოჩენილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ამ რეგიონში ხდებოდა. მთელ საქართველოში ვიცოდით, რომ ამზადებდნენ ბრალდებებს ყველა ოპოზიციურად განწყობილი მეტ-ნაკლენად გავლენის მქონე ადამიანების მიმართ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, კარგი ქვეყანა როგორ მოვაწყოთ,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოგვადგება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯებს ხელისუფლება არასდროს გადადგამს. ეს ჭკუის სასწავლებლად კარგია ყოფილი ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც პასუხს აუცილებლად აგებენ.
„ძალიან კარგია ახალი ხელისუფლებისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქვეყანაში გადამწყვეტი უნდა იყოს. აღმოჩენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, დამნაშავე პერსონების იდენტიფიცირება რთული არ იქნება,“ - განაცხადა ძიძიგურმა.
სამგრელოსა და ზემო-სვანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თენგიზ გუნავას აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ მასალას ფარულ სამალავებთან დაკავშირებით ხალხი არ დაიჯერებს.
„მსგავსი ზღაპრები ბავშვებს რომ მოუყვნენ, ალბათ, ვერც დაიძინებენ, რადგან უკვე მარაზმია, რაზეც მიდიან. არ ვიცი, თავად თუ სჯერათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თითქოს ტერორისტები დააკავეს და შემდეგ ისინი ტერორისტები არ გამოდგნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ „თალიბანის“ სახელით გავრცელებული კლიპი საქართველოშია ატვირთული და ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი ჩანს. რაღაცეებს ეძებენ, რომ თემები გადაფარონ და ეს უბრალოდ, მათი დღევანდელი პოლიციის სტილია, რომელიც ძალიან ცუდია, რადგან ამას ხალხი ბუნებრივია, არ დაიჯერებს,” - განაცხადა თენგიზ გუნავამ.
„დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფარული სამალავები სამეგრელოში ძმები ახალაიების ორგანიზებით შეიქმნა. მისივე თქმით, სამგრელოს ყოფილი პროკურორის როლანდ ახალაიას დავალებით ადგილზე ამას ორგანიზებას მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა უწევდნენ.
„სამეგრელოში ახალაიების გარეშე არაფერი არ ხდებოდა. იარაღის სამალავები ბაჩო და დათა ახალაიების ორგანიზებით შეიქმნა. რა თქმა უნდა, როლანდ ახალაია აკონტროლებდა ადგილზე ვითარებას. ის აძლევდა დავალებას მეგის ქარდავას და თენგო გუნავას. ეს იარაღები უნდა დარიგებოდა არჩევნების შემდეგ ბაჩო ახალაიას მიერ შექმნილ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას. ასეთი სამალავები სამეგრელოში კიდევ არსებობს“, - აცხადებს კახა მიქაია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ შსს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გადაფარვას ემსახურება. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ როდესაც ქვეყანაში არ მიდის პროცესები პოზიტიურად, ვერ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების და გაცემული დაპირებების შესრულებას, შედარებით იოლია უკმაყოფილების გამომხატველი ბევრი ფაქტის გადაფარვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შსს-ს სანდოობა უკვე ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას.
„საერთოდ რითია შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული, ძალიან საინტერესოა. ამ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ ტერორისტები დააკავეს, მიიყვანეს სასამართლოში და ტერორიზმის მუხლი იქ არ არის მათ წინააღმდეგ, როგორც ვიცით, ბრალი იარაღის უკანონოდ ტარებაზე წარედგინათ. ახლა კიდევ რაღაც დაგვიანონსეს. ვნახოთ რა გაირკვევა ამ ყველაფრის შემდეგ. საერთოდ, ჩემი აზრით, შსს-ს მოქმედებების სანდოობა უკვე ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ფარული იარაღის სამალავების კიდევ აღმოჩენას არ გამორიცხავს.
„ადრეც ნავარაუდევი იყო, რომ ასეთი ტიპის საწყობები არსებობდა და არა მხოლოდ სამეგრელოში. ყოფილი ხელისუფლება ფაქტობრივად, არაფორმალურ ტერორს უწყობდა ხელს, მათ შორის, პოლიტიკურ დევნას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი კანონის მიღმა იყო.
იარაღის სამარხი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში არ მოქმედებდა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი ტიპის ქმედებისთვის მზად იყო. სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის იარაღის სამალავები კიდევ იქნას აღმოჩენილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტიკური ექსპერტი კახი კახიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოპოვებულ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად შეიწავლის. ამასთანავე, კახიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა კავშირი აქვს ამ სამალავს კონკრეტული პრობლემების მოწყობასთან.
„გამოძიებამ მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს, ეს იყო ისეთი სამალავი, რომ ვიღაცამ იარაღი დამალა იმის გამო, რომ ქვეყნიდან გარბოდა, თუ ეს იყო სამალავი, რომელიც სპეციალურად იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ იარაღის გამოყენებით ქვეყანაში პრობლემები შეიქმნას“, – აცხადებს კახი კახიშვილი.
იგი პარალელს ავლებს რამდენიმე დღის წინ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებულ პირებსა და სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავს შორის და აღნიშნავს, ერთია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოულობს იარაღს და აკავებს გარკვეულ პირებს, მაგრამ აუცილებელია გამოძიებამ ინტენსიურად იმუშაოს მიზეზობრივ კავშირის დადგენაზე, ხომ არ გვაქვს საქმე დეზორგანიზაციის და დეზორიენტაციის მცდელობასთან.
კახიშვილის თქმით, შესაძლებელია ვიღაცის ინტერესებში შედის ხელისუფლება გარკვეული შეიარაღებული კონფლიქტებით და ტერაქტებით შეასუსტოს, ხოლო შემდეგ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი საერთაშორისო არენაზე კარგად ვერ მუშაობს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალის გაცნობისას პირველი რაც გაასენდა, იყო სამხედრო პოლიცია, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში.
„ასევე გამახსენდა რეზერვი, რომლისთვისაც შეიძლებოდა ყოფილიყო განკუთვნილი აღმოჩენილი შეიარაღება. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის მხრიდან სწორედ ამ რეზერვის და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით იყო ყველაზე მწვავე საუბრები. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს და კარგად შეისწავლოს ამ იარაღების წარმომავლობა“, – ამბობს თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, თუკი საუბარია რეზერვზე და მის შეიარაღებაზე, ეს იარაღი უნდა ინახებოდეს სპეციალურ საცავში და არა ამგვარ სამალავში. ამიტომ ექსპერტი აცხადებს, რომ შესაძლოა ამ ყველაფერში სამხედრო პოლიციის ბრალეულობა გამოიკვეთოს და მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს, იყო თუ არა ჩართული სამხედრო პოლიცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და იყო თუ არა ეს იარაღები სახელმწიფოს ბალანსზე.