საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნის საფუძველზე, ნატო-ს სარდლობა ავღანეთში ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილის შეცვლაზე მუშაობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაწყებულია სერიოზული სამუშაოები, რათა შეირჩეს დისლოკაციის ისეთი ადგილები, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება ქართველი სამხედროებისთვის. როგორც ირაკლი ალასანია განმარტავს, მოხდა საგნობრივი განხილვა ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე, იმ თავდასხმებზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელდა. განიმარტა თუ რა ზომები მიიღო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და კოალიციურმა სარდლობამ, რათა ქართველი მეომრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთში საქართველო საომარ მოქმედებებში იმყოფება და აღნიშნულიდან გამომდინარე 100%-ანი გარანტია იმისა, რომ რაიმე ტიპის ინციდენტი გამორიცხული იქნება, არ არსებობს. თუმცა, აქვე განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიმართავს.
„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროების მიერ ყველა სტანდარტული ოპერატიული პროცედურა ზედმიწევნით იქნა შესრულებული. როგორც ნატოს, ისე ჩვენს მიერ მივლინებული სპეციალური ჯგუფის შეფასებით, ჩვენი სამხედროების მხრიდან არც ერთი შეცდომა არ დაფიქსირებულა, ისინი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ჩვენი მხრივ, ჩვენ მიერ გაგზავნილი კომისიის მიერ კიდევ ერთხელ იქნა ნატოს სარდლობის მიერ მიღებული ზომები შემოწმებული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ალასანიას განცხადებით, ავღანეთში კონტინგენტის შემცირებაც იგეგმება, თუმცა 2014 წლის შემდეგ.
„საქართველოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს 2014 წლის ბოლომდე. ჩვენ დავასრულებთ ამ მისიას 2014 წელს. მანამდე, ბუნებრივია, ნატოს ჯარებთან ერთად მოვახდენთ შესაბამის გადაადგილებებს, მათ შორის, საბოლოო შემცირებაც დაგეგმილი გვაქვს. 2014 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თვისობრივად ახალ მისიაში, რომელიც არ იქნება საბრძოლო მისია. ის იქნება ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის მისია“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, როგორც ირკვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციების შესაბამისად, ჰელმანდის პროვინციაში რამდენიმე ქართული ქვედანაყოფის განლაგებამ დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. ცნობილია, რომ ნატოს სარდლობის მიმართ რეკომენდაციები ქართულ კონტინგენტზე ბოლო პერიოდში მომხდარი პირველი თავდასხმის შემდეგ გაიცა.
„პირველი თავდასხმის შემდეგ ნატოს სამხედრო სარდლობისთვის მოხდა მიმართვა, რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებისთვის და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციები მთლიანად იქნა გაზიარებული. ამის შესაბამისად გატარდა საჭირო ზომები და დაიწყო ჩვენი სასერტიფიკაციო და საინჟინრო უზრუნველყოფა.
ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ასევე დაიხურა ორი ბაზა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო კონკრეტული დისლოკაციის ადგილებზე აქცენტს ვერ გავაკეთებ. ადამიანურად შესაძლებელი ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, 3-4 დღეში უნდა დახურულიყო ის ბაზაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ქართული კონტინგენტი უნდა გადასულიყო ახალი დისლოკაციის ადგილზე. გარდა იმისა, რომ დაიხურება ორი სამხედრო ბაზა, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში მოწინავე ბაზის ფუნქციას ასრულებდა, მოხდება ქართული კონტიგენტის გადაჯგუფება სხვა ბაზებზე.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს რომელ ბაზაზე მოხდება ქართული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება. გარდა ამისა, ბაზებს გაუკეთდება დამატებითი დაცვის ზღუდეები და ისინი აღიჭურვებიან დამატებითი ტექნიკური საშუალებით, რათა რისკის ფაქტორი მინიმუმადე იყოს დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება, ქართველ სამხედრობს იგივე ამოცანა რჩებათ შესასრულებელი.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე აქცენტებს შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების დაცულობაზე აკეთებს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ნატო-ს შტაბთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართველმა სამხედროებმა შეიცვალონ დისლოკაციის ადგილი და გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას.
„ამ ტრაგედიამდე თავდაცვის სამინისტრომ გაანალიზა სიტუაცია და მიიღო გადაწყვეტილება, ორი სამხედრო ბაზა გაეუქმებინა, რამდენადაც გარკვეულ რისკებს შეიცავდა ამ ბაზების არსებობა. უფრო სწორედ, უფრო მაღალი საფრთხის მატარებელი იყო და შესაბამისად, მათი გაუქმება ამ შემთხვევაში რისკებს შეამცირებდა და სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაც მოხდა.
მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხებზე, რომ ჩვენმა ქვედანაყოფებმა იცვალონ სამხედრო ბაზა და მოხვდნენ ისეთ რეგიონში, რომელიც უფრო ნაკლები საფრთხეების შემცვლელია. ეს კეთდება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად. რაც უფრო დიდია ბაზა, მით უფრო მეტია დაცულობა, შემცირებულია რისკები.
ის ტრაგედია, რაც მოხდა, ეს იყო ბაზა, სადაც ოცეული იყო განლაგებული, ანუ პატარა ბაზა იყო, თუმცა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ის იყო პირველი მოწინავე ბაზა, რომელიც მთავარი ბაზის წინაფრონტი იყო და ამით მთავარი ბაზის უსაფრთხოებას აძლიერებდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ქართული კონტიგენტისთვის დისლოკაციის ადგილის შეცვლა და ორი მოწინავე ბაზის დახურვა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ქართველი სამხედროები მიზნობრივი სელექციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
„ყოველ შემთხვევაში ის გახშირებული დივერსიები, ამ შემთხვევაში, როგორც ტერორისტული აქტი, ასევე სამხედრო ტაქტიკური შეტევები, სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს იმაზე მიუთითებს, რომ თალიბები ერთ-ერთ ამოცანად ისახავდნენ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას.
ბუნებივია, რომ ნატო-ს ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დისლოკაციის ადგილი შეეცვალათ ჩვენი კონტიგენტისთვის და ის, რომ 2 სამხედრო ბაზა დაიხურა, ანუ ბლოკპოსტი რომ შეიცვალა ეს პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ გარემოებას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს რომელ ბაზაზე მოხდება ქართული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ არაა გამორიცხული საუბარი იყოს იმ ბაზაზე, რომელიც თალიბების სამიზნე გახდა.
„მთავარია, რომ თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად გააკეთოს, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, თუნდაც საინჟინრო ნაგებობის კუთხით იყო ხარვეზები, ეს უნდა გამოასწორონ. რაც საგულისხმოა, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არცერთი სამხედროს პასუხისმგებლობა არ დადგება და აქცენტი გააკეთა ბაზის მოწყობის თემაზე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.
სამხედო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ბაზის დახურვა.
„საკამოდ ბუნდოვანია და გაუგებარია რაზეა საუბარი. რაც შეეხება ზოგადად სქემას, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ეს არ ინიშავს, რომ განთავსების ადგილი იცვლება და სადღაც ახალი ბაზა ეწყობა, ჩემთვის გაუგებარია ასეთი გადაადგილებები. ნებისმიერი ტერიტორიის მოწყობა შეიძლება ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გარანტირებული.
აქიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა ბაზის გაძლიერება, გარკვეული ზომების მიღება და შესაბამისად, არ ექნებოდათ სალაპარაკო ტერორისტებს, რომ მათ მიზანს მიაღწიეს. ახლა გამოვიდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ კარგად გამაგრებული განთავსების ადგილიდან ბაზების დაცვა და თალიბებმა გვაიძულეს, რომ შევიცვალოთ ადგილი. ეს ნიშნავს, რომ თალიბებს მივეცით საშუალება თავისი მიზნისთვის მიეღწიათ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.
მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით გადაიფარა ის მთავარი საკითხი, რომ პრობლემა იყო დისციპლინა და არაკომპეტენტურობა. თავდგირიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს თუ სადაც განთავსდება ქართული ქვედანაყოფი, თუ ბაზაზე არ იქნება უმკაცრესი დისციპლინა დამყარებული და უსაფრთხოების საკითხები მაღალ დონეზე არ იქნება ორგანიზებული, პრობლემები ისევ იქნება.