უკანასკნელი რამდენიმე დღეა აქტუალური გახდა ე.წ. „პატრიოტთა“ ბანაკების თემა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბანაკებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
პრეზიდენტი წერს, რომ მიესალმება პატრიოტთა ბანაკების განახლებას.
„როგორც ვხვდები მთავრობამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება ანაკლიის ბანაკთან დაკავშირებით. თუმცა შეუცვალეს სახელწოდება და „პატრიოტების“ ნაცვლად, ახლა „იმედის ბავშვები“ ქვია. წინა წლებში, ამ ბანაკებში 20-22 წლის ახალგაზრდები დაგყავდა და როგორ ვუწოდებთ მათ ბავშვებს, არ ვიცი. ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიოტთა მაისურები და კეპები უთხოვიათ, რაზეც ცივი უარი უთხრეს და გაანადგურეს - გაანადგურეს პატრიოტთა სიმბოლიკა, როგორც იდეოლოგიურად მავნე მასალა. ე.ი ქვეყნის გარეთ გვაქვს იზოლაციის საფრთხე, ხოლო ქვეყნის შიგნით სიტყვა „პატრიოტიც“ არ გვინდა ვახსენოთ. სამწუხაროა, სიმბოლიკასთან ბრძოლა. სიტყვა „პატრიოტი“ არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება - ეს არის ზოგადი ეროვნული ტერმინი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიმდინარე ამ პროგრამის მიმართ ბევრი კითხვა და პრეტენზია არსებობს. ამ თემაზე ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამაც კი, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაქვეყნა დასკვნა „პოლიტიზებული ახალგაზრდული ბანაკები“, სადაც საუბარია ბანაკების დაკომპლექტების წესსა და მათ პოლიტიკურ დატვირთვაზე.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ყოველწლიურად ახორციელებს ახალგაზრდულ პროგრამას „პატრიოტი”, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პროგრამის მონაწილეთა შერჩევა და მისი განხორციელება მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ნიშნითა და მიზნებით ხდება, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.
ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი for.ge–სთან საუბარში განმარტავს, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა ორი ძირითადი პრობლემა. პირველი იყო ის, რომ პროგრამის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები იყო ძალიან ბუნდოვანი და გაუგებარი. კერძოდ, კრიტერიუმად დასახელებული იყო ის, რომ სტუდენტების შერჩევა აკადემიური მოსწრების საფუძველზე ხდებოდა, მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–მ აღმოაჩინა ბევრი ისეთი სტუდენტი, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, თუმცა ისინი ამ პროგრამაში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, პროგრამაში მონაწილეობა მიაღიბინეს ისეთ სტუდენტებს, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილები სტუდენტური თვითმმართველობებისა და იმდროინდელი მმართველი პარტიის მიმართ.
„მეორე პრობლემა იყო ამ პროგრამის შინაარსი. გაცხადებული გეგმების თანახმად, უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სახის (მაგალითად, უნარების, ლიდერის თვისებების შესახებ და ა.შ.) ტრენინგები, თუმცა როგორც ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და როგორც ძალიან ბევრმა სტუდენმა გვითხრა, იქ საუბარი იყო პოლიტიკაზეც და არჩევნებზეც, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი იყო. თავად პრეზიდენტი ესწრებოდა ამ შეხვედრებს, საუბრობდა არჩევნებზე და იმაზე, თუ რა მოხდებოდა მომავალში, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებდა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მისი ოპონენტი პოლიტიკური ძალა“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.
მისი თქმით, ამ კუთხით საინტერესო იყო ასევე ის ფაქტი, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შემდგომში უკავშირდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სხვადასხვა ტიპის პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას სთხოვდნენ. ნატროშვილის განმარტებით, ასევე სტუდენტთა გარკვეული ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიყვანეს, დაათვალიერებინეს ოფისი, პირდებოდნენ მათ სტიჟირებას, დასაქმებას, შესთავაზეს თანამშრომლობა, რაც ლევან ნატროშვილის თქმით, ადასტურებს ამ პროგრამის პოლიტიზებულობას.
„ეს ფაქტები ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ეს პროგრამები გამოყენებული იყო საარჩევნო მიზნებისთვის და არა იმისთვის, რომ სტუდენტებს მართლაც რაღაც უნარები შეეძინათ, ან განათლება მიეღოთ, რაც მათ მომავალში გამოადგებოდათ“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს წარმომადგენელი.
აღსანიშნაია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის სახელზე შედგენილი განცხადების თანახმად, რომელსაც 700-დე ხელმომწერი ჰყავს, სტუდენტები რექტორისგან პროგრამის დეტალების განსაჯაროებას ითხოვდნენ, რადგან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 49 სტიპენდიანტიდან ანაკლიაში თითქმის არავინ წაუყვანიათ.
სტუდენტები ასევე განმარტავდნენ, რომ უმაღლესი სასწავლებლებიდან პროგრამაში მონაწილეობდნენ მხოლოდ თვითმმართველობის წევრები და მათთან დაახლოვებული პირები. ამ მიზნით წინასწარ დგებოდა სიები, რომლებიც შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თანხმდებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სთხოვდნენ, ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ მიეცათ, გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში კი ეთქვათ, რომ ტარდებოდა „სტუდენტური ფესტივალი 2012”, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეირჩნენ.
„ჩვენი წყაროების ცნობით, ანაკლიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტები დაბანაკებულნი იყვნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში”, სადაც მათთვის ყველა სახის მომსახურება სრულიად უფასო იყო. სტუდენტებისთვის განკუთვნილი იყო სამჯერადი კვება, სადილსა და ვახშამზე 10 სახის საკვების დამატების უფლებით. ამასთანავე, ტარდებოდა კონცერტები პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებით იხსენებდა იქ გატარებულ პერიოდს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემას პირობას იძლეოდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.
გავრცელებული ინფორმაციით, „სტუდენტური ფესტივალი 2012“ (ლიდერთა სკოლა)-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა მილიონ 823 ათას 41 ლარი. პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიეღო 10 ათასამდე ახალგაზრდას, მაგრამ რეალურ მონაწილეთა რაოდენობა დადგენილი არ არის. ლიდერთა სკოლაში რამდენიმე ახალგაზრდას პროტექციას უწევდა პირველი ლედი, მაგრამ მათი მაიდენტიფიცირებელი პირადი ნომრები დოკუმენტში მითითებული არ არის.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს მიაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები უარყოფითად აისახებოდა საარჩევნო გარემოზე. დაირღვა ქართული კანონმდებლობა და უგულებელყოფილი იყო სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები:
მოცემულ სიტუაციაში სტუდენტებისათვის ხდება უფასო მომსახურების გაწევა - ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება ყველა ხარჯის ანაზღაურებით, გასართობი ღონისძიებები და ა.შ. ეს ყველაფერი კი პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეებისთვის პირდაპირ ასოცირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რაც აშკარას ხდის ამ ინიციატივის საარჩევნო კონტექსტს. თავის მხრივ, ასეთი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად - ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.
ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ დახარჯული თანხები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებასთან ერთად, პარტიისთვის უკანონო შემოწირულებაც არის.
„ასეთი ქმედებები რიგ საერთაშორისო პრინციპებსაც არღვევს. სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის (1990) შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან და ემსახურება მის მიზნებს, რაც ცალსახად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე, რატი ბრეგაძე for.ge–სთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები ბუნდოვანი იყო. კერძოდ, პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ, თავიანთი ასიგნებების ფარგლებში პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილე ბავშვებისა და სტუდენტების შერჩევა და ტრასნპორტირება. მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობდა ინფორმაციები, რომ ახალგაზრდები მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სიმპატიით განწყობის მიხედვით იქნენ შერჩეულები.
„ჩვენ ასეთ კრიტერიუმებზე უარი ვთქვით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად სკოლებთან გვაქვს შეთანხმება, რომ თავად სკოლები შეარჩევენ პროგრამაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს 15–დან 18 წლამდე და შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ესენი უნდა იყვნენ წარჩინებული მოსწავლეები. ამასთანავე, თუკი წარჩინებულ მოსწავლეებს შორის აღმოჩნდება დევნილი, ან სოციალურად დაუცველი, ამ შემთხვევაში სკოლებმა პრიორიტეტი მათ უნდა მიანიჭონ“, – ამბობს რატი ბრეგაძე.
იგი პროგრამა „პატრიოტის“ ფარგლებში თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, მისი თქმით, არსებობს 2012 წლის ოქტომბერში შედგენილი მიღება–ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დასუფთავებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „თათა კილასონია“ 1828 ლარის სამუშაო შეასრულა, ანუ დაასუფთავა კოტეჯები, ეზო, სამზარეულო და ა.შ. მიღება–ჩაბარების აქტს ხელს აწერს ანაკლიის ბანაკის დირექტორი, უჩა ვარამიშვილი, მაგრამ მინისტრის მოადგილის განმარტებით, როდესაც სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ, გაირკვა, რომ არანაირი დასუფთების სამუშაოები ბანაკში ჩატარებული არ ყოფილა. თუმცა აქვე რატი ბრეგაძე დასძენს, რომ მსგავს ფაქტებზე რეაგირება თავად სამინისტროს კომპეტენციის ზღვარს სცილდება და ამიტომ მასალები შემდგომი მოკვლევისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
პოლიტიკური ექსპერტი, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გადაწყვეტილებას პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ღებულობდა და აბსოლუტურად ყველა სფერო პოლიტიზებული ჰქონდა, ეს შეეხებოდა პატრიოტთა ბანაკებში სტუდენტების წაყვანასაც და განსაკუთრებით ეს აქტიურობა საარჩევნო წელს შეინიშნებოდა. კერძოდ, კახიშვილის თქმით, სამედიცინო დაზღვევასაც კი ხელისუფლება იმ მოქალაქეებს უკეთებდა, ვისგანაც გარანტია ჰქონდათ, რომ სწორედ მას მისცემდნენ ხმას.
„უკვე იმ დონეზე ჰყავდათ მოსახლეობა, რომ თუ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, მას დაზღვევაც ჰქონდა და მისი შვილი ბანაკშიც წავიდოდა, ხოლო ვინც ხელისუფლების მხარდამჭერი არ იყო, არც ეს პრივილეგიები ჰქონდა და პირიქით, ასეთი ადამიანებისთვის როგორი პრობლემების შექმნა ხდებოდა ხოლმე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, – აღნიშნავს კახი კახიშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი მოსახლეობა სეგმენტებად დაჰყო და ამ ვიწრო ჯგუფებთან ხმების მოპოვების მიმართულებით მუშაობდა. ერთ–ერთი ასეთი სეგმენტი იყო სტუდენტობა. კახიშვილი ამბობს, რომ სტუდენტურ თვითმმართბელობებს სერიოზული დაფინანსება ჰქონდათ, ამასთანავე იყო წამახალისებელი ღონისძიებები, როგორიც იყო ხელისუფლების მხარდამჭერი სტუდენტების ბანაკებში წაყვანა, სადაც პოლიტიკაზე საუბარი მიმდინარეობდა. ექსპერტის თქმით, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ერთადერთი ჯანმრთელი და პროდასავლური პოლიტიკური ძალა საქართველოში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენები კი ზოგი პუტინის ჯაშუში იყო, ან საერთოდ დაღუპული ხალხი.