რამდენიმე საათის წინ ვებ-გვერდმა „Official Charts Company” წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-პარადი გამოაქვეყნა.
1970 წლის შემდეგ პირველად, ამ ერთგვარ რეიტინგში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „Black Sabbath”-ის ნამუშევარი გალიდერდა. საუბარია ალბომზე „13“, რომელმაც დღის სინათლე მიმდინარე წლის 10 ივნისს იხილა.
„ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ჯგუფი უკანასკნელად შორეული 1970 წლის სექტემბერში გალიდერდა. ეს პატივი მუსიკოსების რიგით მეორე დისკს - „Paranoid” ხვდა წილად. ოზი ოსბორნისა და მისი კოლეგების ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, „13“ რიგით მე-19 ალბომია.
წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-პარადის მეორე საფეხური ლაიამ გალაჰერის ჯგუფი „Beady Eye”-ს ბოლო დისკმა „BE” დაიკავა, მესამე ადგილზე კი შოტლანდიელი უბერებელი მომღერალი როდ სტიურტის მორიგი ალბომი „Time” აღმოჩნდა.