დღეს, თავდაცვის სამინისტროში ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფის ტენდერების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხევდრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ზაზა ბროლაძემ და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტენდერების შეწყვეტის გადაწყვეტილებასა და ქართული ჯარის კვების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, თუ რას აპირებს თავდაცვის სამინისტრო მომავალში ჯარის კვებასთან დაკავშირებით.
2013 წლის 11 ივნისს გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1 მაისიდან სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ. გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვავდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მთავარ ღირებულებას ჯარისკაცი წარმოადგენს, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი, სისტემაში აღედგინა არანორმირებული კვება და ამით მოესპო ის მცირედი დისკომფორტიც კი, რაც შესაძლებელია ეგრძნოთ სამხედრო მოსამსახურეებს.
ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, თავის მხრივ, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს, ამიტომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეწყვიტა კვებით უზრუნველყოფის ტენდერები.