რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „AS” გაავრცელა ცნობა, რომ 31 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა მადრიდის „რეალს“ ემშვიდობება და კარიერას ისტორიულ სამშობლოში გააგრძელებს.
ცნობილი გახდა რომ ფეხბურთელი კლუბ „კორინთიანსში“ ჩაირიცხება. აღსანიშნავია რომ თანამემამულეები კაკას „სამეფო გუნდთან“ შედარებით ორჯერ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას შეპირდნენ.
მოთამაშეს მადრიდული გუნდის დატოვება ბოლო ერთი წელია რაც სურს. კაკას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უნდა, ამისათვის საჭირო სათამაშო პრაქტიკა კი არ გააჩნია.
გასულ წელს კაკას სამსახურით კლუბი „მილანი“ გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ ფლორენტინო პერესმა და სილვიო ბერლუსკონიმ საერთო ენა ვერ გამონახეს.
ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს დღეებში კაკა ყოფილ გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობება და „კორინთიანსში“ ჩაირიცხება. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ლუის ფელიპე სკოლარი შეამჩნევს და ნაკრებში თამაშის საშუალებას მისცემს.