ფუტსალში საქართველოს ჩემპიონის, თბილისის “იბერია სტარის” გასაჭირი არახალია. უეფას თასის ოთხთა ფინალის თბილისში გამართვის შემდეგ, გუნდი დაშლის პირას მივიდა. ეს იმ პერიოდში ითქვა, როდესაც ქართული საფეხბურთო კლუბების პრობლემები გაცხადდა. ერთდროულად, გულშემატკივარს თავზარი რომ დასცა გორის “დილას”, “ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოსა” და მათთან ერთად, კიდევ ბევრის სატკივარმა. ცხადია, კატასტროფულ პრობლემებს ვგულისხმობთ, თორემ ქართულ გუნდებს როდის ულხინდათ?! როდესაც საშუალო სტატისტიკური ევროპის კლუბების ბიუჯეტები 6-7 მილიონი ევროა, ჩვენში ყველაზე მდიდარი თბილისის “დინამო” 5-6 მილიონდოლარიანი ბიუჯეტით იწონებს თავს.
ცხადია, ეს დალხენილი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ფუტსალი ფეხბურთის ბიძაშვილია, მაგრამ გაცილებით ღარიბი სახეობაა. ევროპული გრანდების ბიუჯეტები 10-12 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. ამის გათვალისწინებით, სულ რაღაც 500 ათასლარიანი ბიუჯეტით “იბერია სტარის” ევროპის საუკთესო ოთხეულში მოხვედრა გმირობის ტოლფასი გახლდათ.
საქართველოს ჩემპიონმა შეძლო ისიც, რომ ამ წარმატებებზე უეფამ თვალები ვეღარ დახუჭა და თბილისს ევროპის უეფას თასის მასპინძლობის უფლება მიანიჭა, რომლის გახსნას უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დაესწრო.
"იბერია სტარი" მეოთხე ადგილს დასჯერდა. მაგრამ მისი თამაში იძლეოდა რეალურ იმედს, რომ საქართველოს ჩემპიონს რეალურად შეეძლო ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მოგება და 1981 წლის 13 მაისის სიხარულის გამეორება, რა თქმა უნდა, სათანადო დაფინანსებისა და მხარდაჭერის პირობებში. ამის იმედს, წლების განმავლობაში, "იბერია სტარის" ჩინებული გამოსვლა იძლეოდა: გუნდი ამარცხებდა ევროპის უმდიდრეს კლუბებს, ხოლო ელიტრაუნდში აჯობა ჩემპიონთა ლიგის 2010 და 2011 წლების გამარჯვებულებს, ლისაბონის "ბენფიკას" (7-4) და იტალიის ჩემპიონს "ლუპარენსეს" (6-1). “იბერიას" ეკუთვნის ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მფლობელ "შარლერუასთან" გამარჯვებით დაიწყო.
სამწუხაროდ, თბილისში “იბერია სტარი” საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა. ამას ყველაფერს, წინ ოთხთა ფინალამდე გუნდიდან ბრაზილიელი მწვრთნელის, სერჯიო ბენატის წასვლა უძღვოდა. მიზეზი ვერავინ ახსნა, მაგრამ ტურნირის დასრულებიდანავე გაცხადდა, რომ "იბერია სტარი" დაშლის პირას ყოფილა და რომ ფინანსური კრიზისის გამო, ძირითადი შემადგენლობის ოთხი ბრაზილიელი მოთამაშის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ფაქტობრივად, ჩვენმა ჩემპიონმა ოთხთა ფინალში მეორე შემადგენლობით ითამაშა.
კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით, "იბერია სტარის" არსებობას საფრთხე შეექმნა. 11 წლის მანძილზე კლუბი მხოლოდ დამფუძნებლის, ვახო წერეთლის ფინანსებით აღწევდა წარმატებებს. ეს იმ დროს, როდესაც მოსკოვის "დინამოს" 15 კომპანია ასპონსორებს (ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარი), "კაირათს" – 13 (ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარი). არათუ ოთხთა ფინალის, ლიგის ელიტრაუნდის მონაწილე არცერთ გუნდს 10 სპონსორზე ნაკლები არ ჰყავდა, "იბერია სტარის" გარდა.
1 ივნისს იწურებოდა ვადა, როდესაც საქართველოს ჩემპიონს, "იბერია სტარს" უეფაში ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობაზე განაცხადი უნდა წარედგინა და საჭირო დოკუმენტაცია უკვე გააგზავნეს. მაგრამ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია: ქართველმა ბიზნესმენებმა, უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებმა, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ კლუბის დახმარება ვერ მოახერხეს. რეალურად არავინ დაინტერესებულა დამოუკიდებელი ქართულის სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის ბედით და სურვილი არ გასჩენიათ, ევროპული სპორტის ფლაგმანთა შორის ქართული დროშა რომ ფრიალებდეს.
“განაცხადს რა აზრი აქვს, თუ ვერ მოვემზადეთ და გუნდი ვერ გავიყვანეთ? და თუ ეს ვერ მოვახერხეთ, “იბერია სტარი” დაიშლება”, - სინანულით თქვა გუნდის სპორტულმა მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.
თუმცა, კლუბი არსებობას არ წყვეტს, გაკოტრებულად ჯერ არ ცხადდება და ხავსს ეჭიდება, იქნებ, ვინმეს გული გაეხსნას და რამე ქნას. ბოლო იმედი მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებმა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მიმართეს და იმედოვნებდნენ, რომ თითოეული 2 მილიონ ლარს მიიღებდა. ეს ფუჭი და ილუზიური ოცნება აღმოჩნდა, მაგრამ გარკვეულმა წრეებმა ამ მოთხოვნას, საბოტაჟი და შეთქმულება უწოდეს.
„იბერია სტარი“ სხვა გზას დაადგა და არა ახალ ხელისუფლებას, არამედ თბილისს მერს, გიგი უგულავას მიმართა:
“ბატონო გიგი, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და შეგახსენებთ, რომ „იბერია სტარს“ სჭირდება თქვენი და თბილისის მუნიციპალიტეტის დახმარება. გვჯერა, არ დაგვიწყებიათ ახლახანს თბილისში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას თავად ესწრებოდით და გვახსოვს თქვენი გულშემატკივრობაც.
დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, სპორტის ქომაგისა და პირადად თქვენი ვალია გადავარჩინოთ გუნდი, რომელმაც ბოლო 32 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა სპორტის ყველა გუნდურ სახეობათა შორის.
ჩვენ შევხვდით თბილისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ირმა პატარავას, ვისგანაც დახმარებაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ.
სპორტის ექსპერტებისა და გულშემატკივრების შეფასებით, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ სახეზეა „იბერია სტარის“ მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
ვის და რატომ უნდა აძლევდეს ხელს მხარში არ ამოუდგეს, არ დაეხმაროს ასეთ წარმატებულ გუნდს და მოხდეს მისი ქართული სპორტის ისტორიიდან წაშლა.
დიახ, ამ ეჭვს ამყარებს, თბილისის მუნიცილიპალიტეტის ბიუჯეტიდან ზოგჯერ არც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მაღალბიუჯეტიანი დაფინანსება, რაც ღიად ჩანს თბილისის მერიის ბიუჯეტში.
„იბერია სტარს“ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თუ დღეს საქართველო ევროპისკენ მიისწარფის, რატომ და ვის აწყობს ასეთი წარმატებული ქართული გუნდისთვის მომავალი ევროპული წინსვლის შეჩერება.
ასევე გაურკვეველია დაფინანსების შერჩევითობის პრინციპი. საქართველოში არაერთი მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება გუნდების დაფინანსება, რისი საუკეთესო მაგალითიც გორის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი კლუბის სრული მხარდაჭერაა, რომელიც წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ამ დროს კი ხდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი „იბერია სტარის“ სრული იგნორირება და დისკრედიტაცია. როგორ ხერხდება თბილისისაზე ბევრად მცირე ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტების მიერ კლუბების დაფინანსება, როდესაც 2013 წლის გეგმით თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი თითქმის შვიდას მილიონს შეადგენს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პირადად შეგვხვდებით და ერთად გავარკვევთ, ვის სურს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ყველაზე წარმატებული ქართული გუნდის ლიკვიდაცია”.
რა ვალდებულია თბილისის მერი გიგი უგულავა, დაეხმაროს კერძო კლუბს? ეს ერთი შეხედვით, ვალდებული არ არის. მაგრამ “იბერია სტარში” უგულავას ამბავი იციან და დახმარების იმედი ამიტომ გაუჩნდათ.
სრული სერიოზულობით მოგახსენებთ – თბილისის მერი ხელგაშლილი კაცია და თუ არა მისი, აბა, ვისი იმედით უნდა ჰქონდეს მსოფლიო სარბიელზე საქართველოს ღირსეულ წარმომადგენელს?
“იბერია სტარი” ბოლო დროს გავრცელებულმა ცნობებმა შეაგულიანა: რომ დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხა ჩაურიცხეს "ქომედი გრუპს", ჯგუფო "კენზოსს" და ქართველ მომღერლებს კონცერტის გასამართად; "ფორმულა კრეატივ გრუპს" რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად; საერთოდაც, ტკბილი ენები ამტკიცებენ, რომ მერმა უზარმაზარი თანხები დახარჯა გართობზებზე, კონცერტებზე და ა.შ. ეს ფაქტები კიდევ უფრო აძლიერებდნენ მისი, როგორც კეთილშობილი, ახალგაზრდობის თანამდგომი მერის იმიჯს, რომ თბილისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 51% არის „სხვა ხარჯები”.
ბოლოს და ბოლოს, კაცი ისეთი ხელგაშლილია, სტრიპტიზ-ბარში სტუმრების დასვენებას ცივილურად შეუწყო ხელი (სულ რაღაც 5 ათასი ლარი), ქაჯი ქართველივით არ მოქცეულა და “ენა-მამული, სარწმუნოება” არ გახსენებია, ევროპელები არ მოუწონებდნენ.
არ მოგეწონათ? აგერ, ბატონო, უკეთესი ამბები: წყალბურთის გუნდის ბიჭები ჭკვიანად იქცევიან, აუზში წყალს უსხამს და სხვა ხარჯებსაც უნაზღაურებს, “სუხიას თასის” გათამაშებას ეხმარება, ახლობელ-მეგობრების უბნები მინი-მოედნების გარეშე არ დაუტოვებია და კაცმა მეტი რა გააკეთოს?
ეგაა, “იბერია სტარის” მოთხოვნა კუთხეში აყენებს: გაცილებით ნაკლები ბიუჯეტით, გორის მინუციპალიტეტმა “დილას” 2 მილიონი ჩაურიცხა, ევროთასებზე ქალაქს თავი რომ არ მოჭრას და 700-მილიონიანი ბიუჯეტიანი თბილისის მერს ისე რა გაუჭირდება, “იბერიას” 500 ათასით არ შეეწიოს?
არჩევნებია მოახლოებული, პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნება და ქენი რამე, შე დალოცვილისშვილო, მილიონებს წყალს და ტოტო კუტუნიოებს ატანდი, ერთი მადლიანი საქმე გავნებს? სადაც ქართული სპორტის ხვალინდელ დღეზე იქნება საუბარი, “იბერიაზე” შენი არა-ც და შენი კი-ც ყველგან წინ დაგხვდება. იმ “სხვა ხარჯებიდან” შავი დღისთვის გადადებული ფულიც კოორდინატორებისთვის ხომ არ გადადე? ბოლოს და ბოლოს, ლჯბტ-ს უჭერ მხარს და ამ წარმატებული გუნდის თანადგომა იმიჯს გაგიფუჭებს?
თორემ, კაცმა რომ თქვას, “იბერია სტართან” მართლა რა კავშირში ხარ ან რა ვალდებულება გაგაჩნია, მაგრამ ისე, ზრდილობიზა...