თემურ ქეცბაიას მძიმე გამოცდა

თემურ ქეცბაიას მძიმე გამოცდა

წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი გმირი ფეხბურთელი ლევან ყენია აღმოჩნდა. ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში დავწერე რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მძიმე მდგომარეობაა და გუნდის თავკაც თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოთამაშესთან რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. როგორც წესი ეროვნული გუნდი ჩაკეტილი სამყაროა და ფეხბურთელები იქ მიმდინარე პროცესების დღის სინათლეზე გამოტანას ერიდებიან. ზოგს აუტკივარი თავის ატკივება არ სურს, ნაწილს კი შემადგენლობაში ჩვეული ადგილის დაკარგვა არ უნდა.

ლევან ყენიამ ეს „ტრადიცია“ დაარღვია და ქეცბაიას დაუფარავად შეუტია. საინტერესოა რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მოთამაშემ ხმა მეორედ აიმაღლა. „შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელის განრისხება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მწვრთნელმა მას ბრალი არაპატრიოტიზმში დასდო.

„ყველამ კარგად იცის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში და ასეთი ლაპარაკი უკვე სასაცილოც კი არის. თუ ჩემი მისამართითაა ნათქვამი ქეცბაიას სიტყვები, ასეთ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ. 18 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი, მეორე დღეს კი, თუ საჭირო იყო, 19 ან 21-წლამდელთა ნაკრებსაც ვეხმარებოდი. ერთხელ ვერ მოვახერხე ნაკრებში მისვლა და ალაპარაკდა. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. როცა გუნდში უთანხმოებები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ვერ ალაგებს ურთიერთობას ფეხბურთელებთან, ამ ურთიერთობის მოწესრიგების ინიციატივა, პირველ რიგში მწვრთნელიდან უნდა მოდიოდეს. მწვრთნელს ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი და ამით პირველ რიგში ნაკრები ზარალდება.“

ალბათ დადგა დრო და ქართულმა საზოგადოებამ ეროვნულ გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ამომწურავი პასუხი უნდა მიიღოს. თემურ ქეცბაიას მოვუწოდებ, საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატაროს და ჟურნალისტებს ყველა შეკითხვაზე საფუძვლიანი პასუხი გასცეს. ბატონი თემური რომ ხისტი პიროვნებაა საიდუმლოს არ წარმოადგენს. მას-მედიასთან მისი ბოლო რადენიმე შეხვედრა მახსენდება და ჟურნალისტებს ჭკუას მუდმივად ასწავლიდა. ეს ტონი მას კარგს არაფერს მოუტანს. ქეცბაიას უნდა ახსოვდეს რომ პირადად მას არავინ ემტერება, მწვავე კითხვებს კი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უსვამენ, - საქართველოს ეროვნული გუნდი ქვეყნის საკუთრება და სახეა. ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ნაკრების წინაშე მდგარი პრობლემები გულშემატკივრებს უნდა გააცნონ და თავიანთი პროფესიული ვალდებულება შეასრულონ. ქეცბაია ჩინებული ფეხბურთელი ბრძანდებოდა და საქართველოში დამსახურებული პატივისცემით სარგებლობს. სამწუხაროდ წლებით მოპოვებულ სახელს თანდათან წყალს ატანს.

დღევანდელი წერილის სათაურად შემდეგი წინადადება ავირჩიე - „თემურ ქეცბაიას მძიმე გამოცდა“. დიდი იმედი მაქვს, რომ თემური პირად ამბიციებს გვერდზე გადადებს და ქართული სამწვრთნელო მოღვაწეობის პერიოდში პირველად, სანაკრებო პრობლემებზე ობიექტურად და დაუფარავად ისაუბრებს. მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არ იქნება, რადგან „მობეზრებული ჟურნალისტები“ არაერთ მწვავე შეკითხვას დაუსვამენ. იგივე ლევან ყენიას ბრალდებებს პასუხი მთავარმა მწვრთნელმა უნდა გასცეს. გულის სიღრმეში მგონია რომ ქეცბაია ამ მძიმე გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე ამომწურავ პასუხებს მივიღებთ.

გავაგრძელებ სანაკრებო თემას და კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხები. ბოლო დროს ეროვნული გუნდის მატერიალური დაინტერესების შესახებ დიდი კამათი მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო პირველობაზე, ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები სრულიად უსასყიდლოდ თამაშობდნენ. ამ ქვეყანამ იმ პერიოდში სერბეთთან მძიმე ომი გამოიარა და მოთამაშეებმა საპრიზო თანხებზე უარი შეგნებულად განაცხადეს.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეები კულუარულ საუბრებში ჩივიან რომ ფაქტობრივად უფასოდ თამაშობენ. შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ჩვენს მოთამაშეებს პატრიოტიზმის გრძნობის დეფიციტი დავაბრალო, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში „ენთუზიაზმის“ ხარჯზე აღარსად თამაშობენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი კვირის წინ აზერბაიჯანის ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და მოგების შემთხვევაში თითოეული მოთამაშე 50 000 დოლარს აიღებდა. ის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ვფიქრობ რომ ეროვნულ გუნდში საპრიზო ფონდის ჩამოყალიბების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. ამ საქმეში თავისი როლი თემურ ქეცბაიამაც უნდა ითამაშოს. მწვრთნელი საფეხბურთო ჩინოსნებსა და ფეხბურთელებს შორის დამაკავშირებელი რგოლია. თუ ქეცბაია ეროვნული გუნდის პრობლემებზე დაუფარავად ისაუბრებს, ამ შეკითხვას აუცილებლად დავუსვამ.

გუშინ ცნობილი გახდა რომ მომავალი ეროვნული პირველობა არ ჩაიშლება და მინდვრებზე კვლავ 12 გუნდს ვიხილავთ. ჯერჯერობით კლუბი „ზესტაფონის“ საკითხია გადასაწყვეტი, რომელსაც დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გააჩნია. მისი ყოფილი მეპატრონე ილია კოკაია თურმე „ბათუმის“ მიხედვას აპირებს. ცოტა არ იყოს მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სახელმწიფომ ფეხბურთით დაინტერესებულ ბიზნესმენებს შეღავათები სასწრაფოდ უნდა დაუწესოს. რამდენი წელია მიმდინარეობს საუბრები ფეხბურთის განვითარების ახალ კონცეფსიაზე? ამ თემაზე ბჭობენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ფეხბურთის სპეციალისტები, თავად მოთამაშეები, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. ალბათ დადგა დრო, სახელმწიფო ბიზნესმენებს გვერდში ამოუდგეს და ამდენი ლაპარაკის ნაცვლად გარკვეული შეღავათები დაუწესოს. გადაიდგას ეს პირველი ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში უფულო და უპატრონო გუნდები აღარ გვეყოლება.

დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში კი ორ საფეხბურთო მოგონებას შემოგთავაზებთ. თავის გახმაურებულ ინტერვიუში ყენიამ დაიჩივლა რომ ქეცბაია თავდამსხმელებს აქტიურად არ იყენებს და ეროვნულ გუნდს დაცვითი ტაქტიკით ათამაშებს. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოში მაღალი დონის შემტევების დიდი დეფიციტია. მოთამაშე - მწვრთნელის ამ სიტყვების შემდეგ დიდი ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია გამახსენდა. გადავწყვიტე ეს შესანიშნავი თავდამსხმელი კიდევ ერთხელ გავიხსენო და ბატონი თენგიზ სულაქველიძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.

 „მე და რამაზი ბავშვობის მეგობრები ვიყავით. 13 წლიდან ერთად მოვდივართ. ყველაზე კარგი წლები ერთად გვაქვს გატარებული. ერთად მოვხვდით ქუთაისის „ტორპედოში", თბილისის „დინამოში", საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ერთად ვიყავით. მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა ფეხბურთს ვთამაშობდით, სულ ერთ ოთახში ვცხოვრობდით. 10 წელი თბილისის „დინამოს" ბაზაზე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. საზღვარგარეთ თუ გვიწევდა წასვლა, იქაც ერთ ოთახში ვიყავით. ერთად დავიწყეთ ფეხბურთის თამაში და ერთად დავამთავრეთ. ერთი წელი შვედეთშიც ვთამაშობდით. პირველი ქართველი ფეხბურთელები ვიყავით, ვინც სსრკ-ის დროს საზღვარგარეთ წავიდნენ სათამაშოდ.

რამაზი დიდი პიროვნება, დიდი კაცი იყო. მოედანზე ყველას ასწრებდა, შეეძლო უბურთოდ ეთამაშა. ვერცხლისწყალივით მოძრაობდა. უცბათ ისეთ რამეს გააკეთებდა, გაელვებასავით იყო. ჩეხოსლოვაკიაში საოცარი გოლი გაიტანა. ზურგით მდგარმა თავი დაუხვედრა და ისე შეაგდო კარში, რომ მეკარე პირდაღებული დარჩა. ძრავი უდგას ფეხებშიო - ასე აფასებდნენ ხოლმე. ისეთი თავმდაბალი იყო, ვერ მიხვდებოდი, არ აგრძნობინებდა მის გვერდით მდგომს, რომ ამ დონის ფეხბურთს თამაშობდა. სამწუხაროდ, იშვიათად იბადებიან ასეთი კეთილი და კარგი ადამიანები. დიდი იყო, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ამ ხნის გავხდი და ასეთი წესიერი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია.

თბილისის „დინამოში" თუ სსრკ-ის ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი რამაზმა გაიტანა. მსგავსის გამეორება ალბათ შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ღმერთმა ქნას, რომ ამ დონის ფეხბურთელი ოდესმე მაინც მოევლინოს ჩვენს ქვეყანას. გოლს რომ გაიტანდა, ახტებოდა მაღლა და ჩვენი ბიჭებისკენ მორბოდა. გადამწყვეტ მომენტში გაჰქონდა გოლები და მთელ გუნდს გადაგვარჩენდა ხოლმე. სწორედ რამაზი გვანიჭებდა იმ დიდ სიამოვნებას, რასაც გამარჯვება ჰქვია. მოედანზე ახტებოდა, მუშტს მოიქნევდა და იყო ერთ ამბავში, მაგრამ თამაში რომ მთავრდებოდა, ისე იქცეოდა, ვითომ მას არ გაეტანა გოლი. მოედნიდან რომ გამოდიოდა, უცბად იცვლებოდა.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს, რაც უდიდესი წარმატება იყო. არც ერთი ქართველი ყოფილა სსრკ–ის საუკეთესო ფეხბურთელი, რამაზის გარდა.“

მეორე მოგონების მთავარი გმირი სლავა მეტრეველი იქნება. ცოტა ხნის წინ ვლადიმერ ბარქაიას ერთ საინტერესო მოგონებას გადავაწყდი და მსურს ის მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანო. 1960 წელს თბილისის „დინამო" მეოთხედ გავიდა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში და შეხვდა მოსკოვის „ტორპედოს". თამაში  „ლუჟნიკების" სტადიონზე გაიმართა.სლავა მეტრეველი მასპინძელი გუნდის რიგებში ასპარეზობდა და კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა. იმ თამაშის პერიპეტიებს ვლადიმერ ბარქაია შემდეგნაირად იგონებდა:

„ეს ჩემი პირველი თამაში იყო თასის ფინალში. ანდრო ჟორდანიამ სთხოვა ფეხბურთის სამმართველოს მესვეურებს, მსაჯი ყოფილიყო ლიტველი, მაგრამ მისი თხოვნა არ მიიღეს და დანიშნეს კიეველ მსაჯთა ბრიგადა, მთავარი მსაჯი იყო ცაპოვეცკი. მოსკოველები დაბნეული იყვნენ, წინააღმდეგობას ვერ გვიწევდნენ. მაშინ „ტორპედოში" სლავა მეტრეველი თამაშობდა. ამ ბუმბერაზ ფეხბურთელს იმ შეხვედრაში „ტორპედოს" სასარგებლოდ ერთი პასიც არ გაუკეთებია. მე დამიყენეს დარაჯად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი მანოშინი, რომელიც ახლოს ვერ მეკარებოდა. უნდა მოგვეგო და წავაგეთ 4:3. სლავა მეტრეველმა მატჩის შემდეგ გაკვირვებულმა მითხრა: - სიომა, ოთხივე ბურთი მსაჯებმა შეაგდეს!"

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, ყოველთვის ცდილობდა, სულ მოსკოვის გუნდებს გაემარჯვათ. მიუხედავად პროტესტისა, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ მაშინდელი ფინალის თემა საერთოდ არ განიხილა.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ფეხბურთის სამმართველოს და საერთოდ, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის "დინამოს" მიმართ აშკარა მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ, რუსი და ქართველი ფეხბურთელების მეგობრობა გულშემატკივრებს დღესაც ახსოვთ.

გაგიკვირდებათ და ცნობილმა ფეხბურთელმა, ვალენტინ ივანოვმა სლავა მეტრეველის დაკრძალვაზე საკუთარი ფული - 3 500 დოლარი გაიღო. როგორც სტაჟიანი ქართველი გულშემატკივრები იგონებენ, რუსმა ფეხბურთელებმა, ასევე, დიდი პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული შოთა იამანიძის ნათელ ხსოვნას.