რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კამერუნის ნაკრებისა და მახაჩკალის „ანჟის“ თავდამსხმელი სამუელ ეტოოს შეძენა მოისურვა.
ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, გუშინ საღამოს, „განსაკუთრებული“, „ერთადერთი“ თუ „ბედნიერი“ ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორს შეხვდა და ეტოოს ყიდვა მოსთხოვა.
რამდენიმე წლის წინ პორტუგალიელ ფეხბურთის სპეციალისტს აფრიკელის გადმობირება უკვე სურდა. ბედის ირონიით ჟოზე მაშინაც „ჩელსიში“ მუშაობდა, ფეხბურთელი სამუელი კი კატალონიურ „ბარსელონაში“ ირჯებოდა. მაშინ ესპანურმა კლუბმა აფრიკელი კატეგორიულად არ გაყიდა.
მოგვიანებით, მილანის „ინტერში“ ყოფნისას მოურინიომ ოცნება მაინც აისრულა და ეტოოსთან ერთად ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
„ბედნიერმა“ ეტოოს დასაუფლებლად ახალი შეტევა წამოიწყო. საინტერესოა ამ იდეას „ანჟის“ მფლობელი ბატონი სულეიმან ქერიმოვი როგორ შეხვდება.
„სამუელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. მასთან თანამშრომლობაზე ბოლო ორი წელი უშედეგოდ ვოცნებობ. მე და ეტოომ „ინტერში“ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. სამწუხაროდ ჩვენი გზები მოგვიანებით გაიყო. მე „რეალში“ წავედი, ეტოო კი დიდ ფულს დახარბდა და თავი შორეულ რუსეთში ამოყო.
აბრამოვიჩს გუშინ ვესაუბრე და ეტოოს ყიდვა მოვთხოვე. მესმის რომ ეს საკმაოდ ძნელი ამოცანაა, მაგრამ „ჩელსის“ მფლობელი დამპირდა რომ „ანჟის“ მეპატრონეს პირადად დაუკავშირდება. დიდი იმედი მაქვს რომ სამუელი ჩემთან თანამშრომლობაზე უარს არ განაცხადებს და კარიერას ლონდონში გააგრძელებს“. - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.