მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის მთხოვნელთა რიგები დაუდგა.
დიეგო მარადონას ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იცის რომ წამყვან შემტევს ვერ შეინარჩუნებს. ამ მიზეზის გამო კავანის მოსურნე გუნდებს 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
გასული წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელი ადგილობრივ მას-მედიაში არაერთხელ გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ დატოვებას უახლოესი წლების განმავლობაში კატეგორიულად არ აპირებდა. სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ სიტყვა გატეხა და ამჟამად ქალაქი ნეაპოლის მიტოვება სურს.
ათი დღის წინ იტალიელებს ლონდონის „ჩელსიმ“ მიმართა. რომან აბრამოვიჩმა კავანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა და „ხურდაში“, ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესის მიცემა მოისურვა. ნეაპოლელებმა ამ შემოთავაზებაზე „ზრდილობიანი“ უარი განაცხადეს.
დღეს დილით იტალიურ გაზეთებში გავრცელდა ცნობა, რომ აბრამოვიჩმა „ნაპოლის“ ახალი წინადადებით მიმართა. ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი ურუგვაელის სანაცვლოდ უკვე 52 მილიონ ევროს იძლევა.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ ამ ფასად კავანის გაყიდვაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა. უფრო მეტიც, სამხრეთ ამერიკელს ისინი უკვე 63 მილიონ ევროდ აფასებენ.