ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალი“ პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ დატოვა.
კულუარული ცნობით, „ერთადერთის“ წასვლის შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „სამეფო კლუბის“ დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა.
წინა კვირას ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული „მონაკოს“ რუსმა მფლობელმა დმიტრიი რიბოლევლევმა მადრიდელ კოლეგა ფლორენტინო პერესს, წამყვანი თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.
ბატონი ფლორენტინო ამ წინადადებაზე ჯერ კიდევ ფიქრობს.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გამოაქვეყნა ცნობა, რომ გუშინ რონალდოს სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა. შოტლანდიელმა კრიშტიანოს ყოფილ კლუბში დაბრუნება სთხოვა. ინგლისელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, რონალდომ ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.
ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ესპანელებს, პორტუგალიელი შემტევის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო და „ხურდაში“ ერთი მოთამაშე შესთავაზა. მართალია „მონაკო“ გაცილებით მეტს იძლევა, მაგრამ ევროპის კონტინენტზე მანჩესტერული გუნდის ავტორიტეტი უფრო მაღლა ფასობს.
ესპანელი ფეხბურთის თემაზე მწერალი ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს დღეებში სენსაციური ტრანსფერის მოწმენი გავხდებით და კრიშტიანო რონალდო „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში აღმოჩნდება.