„სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“

„სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ოთხმა დოქტორანტმა სწავლის ოთხთვიანი სემესტრი ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში (აშშ) უკვე დაასრულა და მიმდინარე ეტაპზე პრაქტიკულ კურსს ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში (აშშ) გადის. აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში, თსუ-ში კიდევ ექვსი დოქტორანტის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც თსუ-ის ბაზაზე მომზადდებიან და რვათვიან გადამზადების კურსს კვლავ აშშ-ში გაივლიან.

პროექტის განმავლობაში მიმდინარე ერთობლივი კვლევების მონიტორინგისა და ახალი კვლევების დაგეგმვის, ასევე დოქტორანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიუ-იორკის შტატის საერთაშორისო ტრენინგისა და კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი (ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტი) ჯეკ დეჰოვიცი ეწვია, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ დირექტორი, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა ჯიბუტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, თსუ პროფესორი პაატა იმნაძე შეხვდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, სამომავლოდ პროექტი სხვადასხვა მიმართულებით გაიზრდება. „პროექტი, რომელიც  უკვე სამი წელია წარმატებით მიმდინარეობს,  არაერთ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 დოქტორანტის მომზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ პროექტის შედეგად საქართველოს უფრო მეტი პროფესიონალი შეემატება, რომლებსაც მაღალი დონის კვალიფიკაცია ექნებათ მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ნიუ-იორკის შტატის საერთაშორისო ტრენინგისა და კვლევის პროგრამის ხელმძღვანელის ჯეკ დეჰოვიცის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის წარმატებების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. „უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც საქართველოში რეალური გამოყენება ექნება. დღეისათვის  თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის 4 დოქტორანტი სწავლობს ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ახლა პრაქტიკულ კურსს ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტში ასეთივე წარმატებით გადიან,“ - აღნიშნა ჯეკ დეჰოვიციმ.

პროექტს „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ერთობლივად ახორციელებენ. „ამჟამად დოქტორანტების მეორე ნაკადის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ 6 დოქტორანტი შეირჩევა, რომლებიც ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადდებიან, შემდეგ კი გადამზადებას აშშ-ში გაივლიან. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში, თსუ-ში დაასრულებენ დოქტორანტურას  და აქვე დაიცავენ სადოქტორო დისერტაციას,“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა.

პროექტის მთავარი მიზანია აივ/შიდსის გამოვლენასა და მეურვეობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში ქართველი მეცნიერების მორიგი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება. „პროექტი გულისხმობს მეცნიერული მტკიცებულებების შემოტანას პრაქტიკაში,  შესაბამისად იმედი გვაქვს ჩვენი დოქტორანტები ახალი მიმართულების ცოდნას გაიღრმავებენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში. ეს იქნება დიდი შენაძენი არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ სწავლების პროგრამაში ახალი მეთოდების შემოტანის მხრივ,“ - აღნიშნა თსუ პროფესორმა პაატა იმნაძემ.

პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ გეგმა ხუთწლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. გრძელვადიანი ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი მომზადდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ათივე სტუდენტი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას გაივლის აშშ-ი, პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში  - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. 2. მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში და 3. თსუ სადოქტორო პროგრამისა და კვლევითი პარტნიორების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.