დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იმ უწყებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.
შს მინისტრის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მთელი წლის განმავლობაში უანგაროდ აბარებდნენ სისხლს. აღნიშნულ აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ცინარიძე და მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი. დაავადებათა კონტროლის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს უანგარო დონაციისთვის დაუსწრებლად გადასცა სიგელი და მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილეობისათვის.
დღესვე, დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის და სამეგრელოს სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.