საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადო, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების მიმართ მისიის რეკომენდაციები არის ასახული. სავალუტო ფონდის მისიის დასკვნაში საუბარია ენერგოტარიფებზე, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხზე, საინვესტიციო ფონდებზე და ა.შ. ერთ-ერთი სეგმენტი, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს, ჯანდაცვის სახელმფიწო პროგრამა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
მისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის დანერგვამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანდაცვის მდგომარეობა და შეამციროს ჯანდაცვის სექტორში (რასაც მშპ-ს დაახლოებით 10 პროცენტი უკავია) ამჟამად არსებული მაღალი ფასები, თუ საჯარო სექტორის წარმადობა საკმარისია.
„სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დაზღვევის მომსახურების საკვანძო ელემენტების გადაბარება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ კერძო დაზღვევის ბაზარს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისიის რეკომენდაციაა, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო პროცედურები და მათ მიმართ მოთხოვნები გაძლიერდეს. რეფორმა ვერ აგვარებს მედიკამენტების მაღალი ფასის/თანადაფინანსების პრობლემას (რაც ხშირად გაღარიბების მიზეზი ხდება) და არასაკმარისი კეთდება „ჯენერიკ“ (ნაკლებხარჯიანი) მედიკამენტების გამოყენებისთვის“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის მისიის დასკვნაში.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 28 თებერვალს ამოქმედდა და დააზღვევს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა არადაზღვეულ პირს, ანუ პროგრამის მოსარგებლეები არ იქნებიან მოქმედი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარები და კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის აქცენტიც გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორულ მომსახურებაზე იქნება, სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით კი, პირველი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პროექტი ფართოვდება.
„პირველი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პროექტს სამ კომპონენტს მეოთხეც ემატება. დაზღვევაში იქნება, გეგმიური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული, გეგმიური სტაციონარული და გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა. გაიზრდება დახმარების მოცულობაც“, - ამბობს მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებისთანავე, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროგრამა კერძო სადაზღვევო სექტორს პრობლემებს შეუქმნიდა.
მაგალითად, ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ სახელმწოფო დაზღვევის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასეც დარჩეს.
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგანაც იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაზღვევის წილი სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 75%-ს შეადგენს, სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების შეცვლა სადაზღვევო კომპანიებსა და ბაზარს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდეს საშუალება ერთმანეთს შეადაროს ის, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებს თავად და რამდენად ეფექტურად ახორციელებენ კერძო კომპანიები დაზღვევის პროგრამებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის რეკომენდაციებში.
არსებობს იმის პრეცედენტი, რომ სახელმწოფო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ უკვე დატოვა. ეს არის კომპანია „ალფა“, რომლის განმარტებითაც ამ პროგრამაში მონაწილეობით ის ზარალზე გავიდა და ამიტომ ერთ-ერთ სეგმენტში, როგორიც არის დევნილებისა და უმწეოების მომსახურება, მან სახელმწიფო პროგრამა დატოვა. ხელისუფლების პოზიცია ამ შემთხვევაში იყო ის, რომ „ალფა“ 2010 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მუშაობდა და მისთვის ამ დროიდან იყო ცნობილი მომსახურების ტარიფები, უბრალოდ მან სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. აქვე მინისტრი სერგეენკო განმარტავდა, რომ ეს არ არის პრობლემა და ამ სეგმენტს სოციალური მომსახურების სააგენტო მთლიანად თავის თავზე აიღებდა.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თინა სტამბოლიშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებული ვითარება მთლიანად იცვლება, რადგან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან სახელმწიფო ფონდში გადადის, თუმცა ეს პროცესი სრულიად ბუნდოვანია, რადგან არ არის გარკვეული რა ფორმით მოხდება ეს, როდის, რა კატეგორიის ხალხი გადავა სახელმწიფო ფონდში და ა.შ. სტამბოლიშვილის თქმით, კერძო სადაზღვევოებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს პროცესი დაჩქარდებოდა, მაგრამ ამ სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ისევ ჭიანურდება, რაც კერძო სადაზღვევო სექტორს მისი საქმიანობის მართვას სერიოზულად ურთულებს.
„დღესდღეობით ამ სახელმწიფო პროგრამით 120 000 დაზღვეულს ვემსახურებით და, რა თქმა უნდა, რთულია პროცესები მართო ამ სიტუაციაში, როდესაც არ იცი, დღეს და ხვალ რა მოხდება. გარდა ამისა, არის გაურკვევლობა სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, გასულ წლებში ინვესტორებმა ამ სფეროში ათობით მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინეს. მაგალითად, ჩვენმა კომპანიამ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაში 30 მილიონის ივესტირება მოახდინა, ავაშენეთ 16 საავადმყოფო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უკავშირდება და ინვესტორების შეშფოთებასაც იწვევს“, - ამბობს თინა სტამბოლიშვილი.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის დასკვნას სრულად ეთანხმება, რადგან გასული წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კერძო სექტორი ამ სისტემას უკეთესად მართავს. აქვე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს კერძო სადაზღვევო სექტორის პოზიციაა და რამდენად გაითვალისწინებს მას ხელისუფლება, ეს ცოტა რთული საქმელია, თუმცა უკეთესია, თუკი ის ფაქტებით იხელმძღვანელებს.
თინა სტამბოლიშვილის თქმით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს არაერთხელ სმენიათ მთავრობისგან, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება, თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია.
„საკითხავია, როდის მოხდება ეს, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი პროგნოზის გაკეთება. საყოველთაო დაზღვევა გულისხმობს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესია და ხელისუფლების დაპირება იყო სწორედ ეს. მათ დაპირებაში არ ყოფილა დაკონკრეტებული, რა ფორმით და ვის მიერ მოხდებოდა ამის განხორციელება, ანუ იქნებოდა ეს კერძო სექტორის, თუ სახელმწიფოს პრეროგატივა“, - აღნიშნავს თინა სტამბოლიშვილი.
სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის მიისის დასკვნის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ლიეტმოტივია ის, რომ საქართველოს მთავრობამ რეფორმის თუ პოლიტიკის თვალსაზრისით ვერ ააწყო კომუნიკაცია პროგრამის მონაწილეებთან, საზოგადოებასთან, ინვესტორებთან და ა.შ. ჯერ ცხადდება რეფორმის მიზნები, ხოლო შემდეგ ძალიან დიდხანს ამ თავლსაზრისით გაურკვევლობაა. ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შენიშვნა საქართველოში არსებულ რეალობას კარგად ასახავს. ამიტომ იგი იზიარებს დასკვნის როგორც ამ მთავარ ლეიტმოტივს, ასევე სავალუტო ფონდის იმ განწყობას, რომ თუ რეფორმები ისე განხორციელდა, როგორც პოლიტიკურად არის გაცხადებული, თუ გაგრძელდა ის პრაქტიკა, რომ მთავრობა დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს, ასეთ შემთხვევაში, არის სერიოზული საფრთხეები.
„არსებობს კერძო სექტორის მიმართ საფრთხეები და საფრთხეები იმისა, რომ გარკვეულმა რისკებმა, რომლებიც აღარ იქნება დაფარული, შემდგომში მოსახლეობა სერიოზულად აზარალოს და კონკრეტულად წამლებზეა საუბარი. ეს ყველაფერი რეალობას შეესაბამება. მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი პირველ ივლისს უნდა დაიწყოს, დღეს არის 14 ივნისი და ჩვენ, პროგრამის უშუალო ბენეფიციარებმა არაფერი ვიცით იმ უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ, როგორიც არის მაგალითად, ვის შეეხება ეს და რა პროგრამით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვისაუბროთ იმაზე, დარჩება თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კერძო სექტორს ასპარეზი“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის მთავარი რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ ხელისუფლებამ კომუნიკაციის პროცესი გააუმჯობესოს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დროულად ჩართოს მონაწილეები, დაინტერესებული მხარეები და შესაბამისად, საინვესტიციო კლიმატზე ამან კარგი ასახვა ჰპოვოს. ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიები, როგორც მათი მფლობელები, ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული ადამიანები სრულ გაურკვევლობაში არიან და არ იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე. გარდა ამისა, მოსახლეობამაც არ იცის, როგორ უნდა მართოს ავადობასთან დაკავშირებით არსებული რისკები.