რამდენიმე დღის წინ კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო საფრანგეთში გადაბარგდა და ახალი სეზონიდან კარიერას კლუბ „მონაკოში“ გააგრძელებს.
ესპანური კლუბის არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე მძიმე ამოცანის წინ დადგა.
რამდენიმე თვეში „ატლეტიკო“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში იასპარეზებს. ამ დროს გუნდს შეტევის ხაზში გარკვეული პრობლემები წარმოეშვა.
რამდენიმე საათის წინ ესპანურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან მიუნჰენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
გასული წლის შემოდგომაზე გომესმა მუხლის ტრავმა მიიღო. მკურნალობის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ჩვეული ადგილის დაბრუნება ვერ შეძლო. ამ მიზეზის გამო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანური სპორტული მას-მ,ედიის მტკიცებით, უახლოეს დღეებში მარიო გომესი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯერჯერობით უცნობია გომესის პირადი ანაზღაურების რაოდენობა.