გუშინ საღამოს ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა გამოცემას „Marca” ინტერვიუ მისცა.
ალბათ გაგიკვირდებათ და თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას კასილიასმა ბატონი ჟოზე მოურინიო არ გააკრიტიკა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოურინიომ სათადარიგოთა სკამის მუდმივ ბინადრად მაქცია. ალბათ ყველა ელოდება რომ პორტუგალიელს კრიტიკის ქარცეცხლში გავატარებ. ამის გაკეთება არ მსურს და მინდა გითხრათ რომ არანაირ ბედნიერებას არ განვიცდი, ჟოზე „რეალს“ რომ დაემშვიდობა.
საკუთარი თავის ფასი შესანიშნავად ვიცი. ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს რამდენჯერმე ვესაუბრე. ბატონი ვისენტე შემპირდა, რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე, ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარის პოზიციაზე აუცილებლად განმაწესებს.
მიუხედავად იმისა რომ ჟოზე მოურინიომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე მუდმივი ადგილი მიმიჩინა, დელ ბოსკე ნაკრების ძირითადი კარის დარაჯად მაინც მამწესებს.
გუშინ ვისენტე დელ ბოსკეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე. მან მითხრა რომ „მუნდიალი - 2014“ წლის შემდეგ ნაკრების დამრიგებლის თანამდებობიდან აუცილებლად გადადგება.
დღეს ერთი საყურადღებო განცხადება მსურს რომ გავაკეთო. ბრაზილიის მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს საბოლოოდ დავემშვიდობები და ადგილს ახალგაზრდა კარის დარაჯებს დავუთმობ.
ჟოზე მოურინიომ „რეალი“ უკვე დატოვა. იმედი მაქვს რომ ამ გუნდში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიასპარეზებ და ჩემს პროფესიულ შესაძლებლობაში ეჭვს არცერი მწვრთნელი აღარ შეიტანს“. - განაცხადა იკერ კასილიასმა.