„სანდრო კვიტაშვილმა პროცესებს ერთი ნაბიჯით დაასწრო“

„სანდრო კვიტაშვილმა პროცესებს ერთი ნაბიჯით დაასწრო“

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი სანდრო კვიტაშვილმა საკუთარი ნებით დატოვა და ამ ნაბიჯით, უფლებამოსილების შეწყვეტა თავიდან აიცილა. კერძოდ, მთავრობის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, უახლოეს მომავალში, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს თანანმდებობის დატოვება მაინც მოუწევდა, რადგან ინიციატივით, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ.

სანდრო კვიტაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და საკუთარი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვით ახსნა.

მისი განმარტებით, მისი გადაწყვეტილება არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა - არჩეულ აკადემიურ საბჭოს მიეცეს საშუალება თავად გადაწყვიტოს ვინ იყოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ან ახალი რექტორი.

„ჩემი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკით არის ნაკარნახევი. ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, რაც უნივერსიტეტის ავტონომიაში ძალიან უხეში ჩარევაა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა ორთვიან ვადაში, აკადემიური საბჭო ახალ რექტორს აირჩევს და გარედან რექტორის დანიშვნას ვერავინ მოახერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში რექტორის არჩევა დემოკრატიული, ცივილიზებული გზით მოხდება. აუცილებელია, რექტორის შეცვლა ერთხელ მაინც ცივილიზებული ფორმით შედგეს. არჩეულ ახალ რექტორს ყველა საქმეს გადავაბარებ და სიტუაციაში გარკვევაში დავეხმარები“, - განაცხადა კვიტაშვილმა, რომლის გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.

უმცირესობამ საკუთარ თანაგუნდელს გადაწყვეტილება მოუწონა, ხოლო უმრავლესობის შეფასებით, კვიტაშვილი დაკავებული პოსტიდან მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა მისი უფლებამოსილების შეჩერებას ასეულობით სტუდენტი ითხოვდა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კვიტაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან მან უნივერსიტეტს საშუალება მისცა - ავტონომიურობა არ დაკარგოს.

მისი თქმით, პრემიერი უნივერსიტეტების რექტორების დანიშვნას აპირებს, რაც იმ სურვილზე მიანიშნებს, რომ მას ყველაფრის დაქვემდებარება სურს.

„უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს კვიტაშვილის გადადგომა შესაძლებლობას მისცემს, რექტორობის ის კანდიდატი თავად აირჩიოს, რომელიც მათ სურს. კვიტაშვილს ის ხარისხი არ ჰქონდა, რომელზეც კანონპროექტშია საუბარი, შესაბამისად, პრემიერი სხვა ადამიანს დანიშნავდა და შემდეგ უკვე ხელის გადაგრეხვით მიაღწევდნენ იმას, რომ დანიშნულიყო ის რექტორი, რომელიც მათ სურდათ. ამ შემთხვევაში, წინ აკადემიური საბჭოს როლი იწევს, რაც გაცილებით დემოკრატიული პროცესი იქნება“, - აცხადებს წიკლაური, რომლის პათოსსაც გიგი წერეთელიც იზიარებს.

როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, კვიტაშვილი საკუთარ საქმეს ძალიან კარგად უძღვებოდა და მისი ნაბიჯი ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„ხელისუფლება დარწმუნდება, რომ უმაღლეს სასწავლებლებზე საკუთარი დიქტატის მოხვევა არასწორია. ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ მივდიოდით, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომია და დამოუკიდებლობა ჰქონოდათ. დღეს სისტემაზე გავლენების მოპოვების მცდელობას ვხედავთ“, - აღნიშნავს წერეთელი, რომლის მტკიცებითაც, უმცირესობამ კვიტაშვილის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.

„გულწრეფლად გეტყვით, რომ კვიტაშვილის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოების მსგავსად, ჩვენც ტელეეკრანებიდან გავიგეთ. ეს საკითხი შეთანხმებული არ იყო, მაგრამ ადამიანები გრძნობენ რა დროს, რა ნაბიჯი უნდა გადადგან და კვიტაშვილი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია“, - დასძენს წერეთელი, რომლის გულწრფელობისაც განათლების კომიტეტის წევრს, ელისო ჩაფიძეს არ სჯერა და აცხადებს, რომ უმცირესობას კვიტაშვილის შემცვლელად, ისევ ნაციონალების თანამოაზრის დანიშვნა სურთ, რაც არ გამოუვა.

„სანდრო კვიტაშვილი დაკავებული პოსტიდან მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა მისი უფლებამოსილების შეჩერებას ასეულობით სტუდენტი ითხოვდა. როგორც ჩანს, კვიტაშვილი მიხვდა, რომ უახლოეს მომავალში, მას კანონი თავად გაათავისუფლებდა და მან პროცესებს ერთი ნაბიჯით დაასწრო“, - განუცხადა for.ge-ს ჩაფიძემ.

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე კვიტაშვილის გადაწყვეტილებასა და კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს შორის კავშირს ვერ ხედავს.

„მართალი გითხრათ, არ ვიცი, კვიტაშვილის გადაწყვეტილება რას უკავშირდება, მაგრამ მისი გადასაწყვეტია რა ნაბიჯს გადადგამს“, - განუცხადა for.ge-ს სანიკიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება, მისი განხილვა პარლამენტში მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმცირესობა ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

როგორც for.ge-ს გიორგი კანდელაკმა განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა ნაკარნახევია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილით, რომ აკადემიურ სფეროზე პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს.

მისი თქმით, ხელისუფლება კლიმატს ქმნის, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემას შევარდნაძისა და როინ მეტრეველის ეპოქაში დააბრუნებს.

„2004 წლიდან გატარებული კომპლექსური, მაგრამ არასაკმარისი რეფორმების შედეგად, სისტემისთვის დამახასიათებელი ღრმად ფესვგადგმული პრობლემები დაიძლია. როგორებიც იყო - კორუფცია, მექრთამეობა, რეპეტიტორობა, დიპლომებით ვაჭერობა, პლაგიატიზმი და ზოგადად უხარისხო, არაკონკურენტუნარიანი განათლება. მსოფლიო ბანკის 2001 წლის კვლევის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე ქრთამის წლიური ბრუნვა 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა მსოფლიო რეიტინგებში დაახლოებით 2,000 ადგილით მდგომარეობა გაიუმჯობესა“, - განმარტავს კანდელაკი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე კონკურსი უკვე გამოცხადდა და რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა.

აკადემიური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს 16 აგვისტოს გამოჩნდება, მაგრამ მანამდე პარლამენტი იმ ცვლილებებს მიიღებს, რომლის მიხედვითაც, აკადემიურ პერსონალის შემადგენლობას ემატება ახალი აკადემიური თანანმდებობა - ასისტენტი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით, სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ახორციელებს. ასევე, ინიციატივით, დოქტორანტი ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანანმდებობას ვეღარ დაიკავებს და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამდებობრივი სარგოები ახლებურად განისაზღვრება.

ამას გარდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მთავრობა ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე დანიშნავს და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ორ ვადას.